08 ივნისი 2026,   11:01
ვრცლად
ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნივთიერება "ოქტან+"-ის საქართველოში შემოტანას, რომელსაც ავტომობილების საწვავის მისაღებად იყენებდნენ - დაკავებულია 4 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით, სატვირთო ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოიტანეს 18 000 კილოგრამი უნივერსალური დანამატი "ოქტან+".

ბრალდებულები, საბაჟო წესების დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ ნივთიერება "ოქტან+"-ის საქართველოში შემოტანას, რომელსაც ავტომობილებისთვის განკუთვნილი საწვავის მისაღებად იყენებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ საამქროებში კუსტარულად დამზადებული საწვავის რეალიზაციას თბილისში მდებარე მათსავე კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერების ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები