"მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში პოლიტიკურად მიკერძოებულია და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს," - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია ეუთოს დოკუმენტზე. საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის, ამერიკული FARA-ს ანალოგის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები.
ამ რეკომენდაციებს "ქართულ ოცნებაში" ანტიქართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება განსაზღვრავს, რა კანონია ქვეყნისთვის უკეთესი. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები - მათ შორის, მოთხოვნილია დაკავებულების გათავისუფლება და საქმეების გამოძიება. სახელისუფლებო პარტია პარალელს "კამიტის საქმესთანაც" ავლებს და იდენტურ სცენარზე საუბრობს.
"მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ე.წ. ფაქტების დამდგენი დასკვნა, სადაც არაა საუბარი ფაქტებზე. ამ კითხვებზე საზოგადოებას უკვე ორჯერ - არჩევნებზე აქვს პასუხი აქვს გაცემული, რომ ამ ქვეყანაში კარები არ უნდა ჰქონდეს გახსნილი არც ბაღებში და არც სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, არ უნდა იყოს დაშვებული ბავშვებში სქესის შეცვლა.
ამ დასკვნის ავტორებს შეუძლიათ, ამავდროულად, აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართონ ზუსტად ანალოგიური შენიშვნებით და უთხრან, რომ გააუქმონ მათ ქვეყანაში არსებული FARA და მათი გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია სქესის შეცვლა ბავშვებისათვის.
"კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" მარტივ კითხვას გასცეს პასუხი - უნდა იყოს თუ არა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული FARA, უნდა იყოს დასაშვები თუ არა ჩვენს ქვეყანაში შავი ფულის ტრიალი და პოლიტიკის დაფინანსება გარედან?! ამ კითხვებს ეს ადამიანები გაურბიან და საუბრობენ აბსოლუტურ სისულელეს, ასევე, ახსენებენ ჰააგას და ეს ყველაფერი დაიწყო დეზინფორმაციის გამავრცელებლად გადაქცეული BBC-ის პროპაგანდისტული ფილმისგან, რომელსაც მოაყოლეს გებელსისეული პროპაგანდა, რომელიც არ ჭრის," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.