"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ეუთო-ს ანგარიში პოლიტიკურად მიკერძოებულია და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს – განცხადება ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ვენაში გააკეთა.
ტექსტში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ დოკუმენტი შერჩევით ინტერპრეტაციებს ეფუძნება და სცდება მისიის მანდატს, როდესაც სხვა სახელმწიფოებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებს. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ მსგავსი პოლიტიზებული დასკვნები საფრთხეს უქმნის თავად ორგანიზაციის სანდოობას, რის გამოც მუდმივმა საბჭომ მცდარ ანგარიშზე უარი უნდა თქვას.
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. მასში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციებია ასახული. მათ შორის არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი", "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", "გრანტების კანონი" , "მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესწორებები, "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი", დემონსტრაციებისას სახის დაფარვის აკრძალვა უნდა გაიწვიოს.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, რომელიც აღნიშნულ ანგარიშს არაკეთილსინდისიერს უწოდებს.
"ამ დოკუმენტის სულისკვეთება მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ ხელი აიღოს თავის ფუნქციებზე, სუვერენიტეტი გადასცენ უცხო ძალებს და მათ დაკრულზე იცეკვოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამის გაკეთებას არ აპირებს. ყველა ინფორმაცია კეთილსინდისიერად გადავეცით პოლონელ ექსპერტს. სანაცვლოდ, მივიღეთ ცრუ ინფორმაციებით სავსე დოკუმენტი.
კარგად მეტყველებს, ერთის მხრივ, საქართველოს მოტივაციაზე და კეთილსინდისიერებაზე, ამის საპირისპიროდ, მაინცდამაინც არაპოზიტიურ სურვილებზე, როგორც ამ ექსპერტის ასევე მის უკან მსგავს სახელმწიფოების", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.