ჰორმუზის სრუტის ბლოკირების მიზნით, ირანმა წყალში ათობით ნაღმი ჩაყარა. ამერიკის დაზვერვის ცნობით, თეირანი ამ ოპერაციისთვის მცირე ზომის გემებს იყენებს. ისლამური რესპუბლიკა მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანს, რომელზეც ნავთობის გლობალური ბრუნვის 20%-ზე მეტი მოდის, საკუთარ სტრატეგიულ ბერკეტად აქცევს. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ღიად აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ბარელზე 200-დოლარიანი ტარიფისთვის უნდა მოემზადოს.
თეირანის ამ ქმედებების საპასუხოდ, ვაშინგტონი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჰორმუზის სრუტესთან 16 ირანული ხომალდი უკვე გაანადგურა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაციის დასრულების შემდეგ, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცემა. ადმინისტრაციის პროგნოზით, ტარიფები შესაძლოა იმ ნიშნულზე დაბლაც კი ჩამოვიდეს, რაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ფიქსირდებოდა.
ენერგეტიკულ დერეფანთან ერთად, ამერიკელი სამხედროების სამიზნე ირანის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა გახდა. ისრაელისა და ამერიკის ძალებმა, ერთობლივად თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს. იერიშის სამიზნე გახდა რაკეტების საწარმოები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ირანის სამხედრო კომპლექსებს იცავდნენ.
ცნობილია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ სამხედრო კამპანიას დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ პირადად ხელმძღვანელობენ. განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. ისრაელ კაცის განმარტებით, ოპერაცია დროში შეზღუდული არ არის და იქამდე გაგრძელდება ვიდრე ვაშინგტონისა და იერუსალიმის ყველა დასახული მიზანი არ შესრულდება.
ისრაელისთვის მიმდინარე სამხედრო კამპანიის მთავარი ამოცანა ირანში მოქმედი თეოკრატიული სისტემის დემონტაჟია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანთან ომის დასაფინანსებლად ქვეყანა ათობით მილიარდი შეკელის ოდენობის სპეციალურ თავდაცვის ბიუჯეტს შექმნის. იერუსალიმში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული თანხა არა ხარჯს, არამედ ინვესტიციას წარმოადგენს.
ოფიციალური თეირანის განცხადებით, მიმდინარე ომში ამერიკისა და ისრაელის მთავარი მიზანი ქვეყნის რესურსებზე კონტროლის დამყარებაა. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ისლამური რესპუბლიკა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად ყველა ზომას მიმართავს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია ამ დრომდე პარალიზებულია. შეფერხებამ საწვავის გაძვირება გამოიწვია - ნავთობის ფასი გაორმაგდა და ბარელზე 60-ის ნაცვლად 120 დოლარს მიაღწია. პარალელურად, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მოპოვება შეამცირეს, რადგან მედიის ინფორმაციით, ექსპორტის შეჩერების გამო ნავთობის დასასაწყობებელი რესურსი ამოიწურა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.