ბიუჯეტიდან გაფლანგული 9 მილიონი ლარის, სახელმწიფოსთვის დაბრუნება მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას საქალაქო სასამართლოს შემდეგ, უკვე სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტითაც დაევალათ. თუმცა, არც თავად მსჯავრდებული და არც მისი უფლებადამცველი არ აღიარებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტი, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
გასახდომი და გამაჯანსაღებელი პროცედურები, ძვირადღირებული საჩუქრები, ვოიაჟები ფეშენებელურ კურორტებზე პერუ, კანი, ვერონა, სტილისტისა და მზარეულის მომსახურება, შვილების განათლების ანაზღაურება - დაცვის მხარე უარყოფს, თუმცა საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. მათ შორის დოკუმენტები რომლითაც დასტურდება, რომ სააკაშვილი დიდი ოდენობით თანხებს პირადი სიამოვნებისთვის იყენებდა.
იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა ბრალდება არაერთი მტკიცებულებით არის გამყარებული, ექსპრეზიდენტის გუნდში მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის სახელმწიფოს ფულს, სახელმწიფოს ინტერესებისთვის ხარჯავდა.
პიარული ხრიკი დანაშაულის სიმძიმის გადასაფარად - მმართველი გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას დაარქმევენ სააკაშვილის თანაპარტიელები საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას, რადგან მათთვის უკვე არაერთგზის დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სახელმწიფოს ფულს ფუფუნებისთვის მოიხმარდა და ასე ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა.
9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.