07 აგვისტო 2026,   07:15
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მოსთხოვა - ფაშინიანმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს სამშვიდობო როლზეც ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება მოსთხოვა - ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში შეკრებილ დეპუტატებს ღიად უთხრა, რომ თბილისთან გაყინული მოლაპარაკებებით პრობლემებს ერევანსაც უქმნიან, რომელიც ევროპული ელიტის ქმედებებს სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად განიხილავს. ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს სამშვიდობო როლზეც ისაუბრა. სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესისა და სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

დიალოგის აუცილებლობასა და ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებაზე დღეს ღიად საუბრობენ ევროპარლამენტარებიც. ევროპელი პოლიტიკოსები ღიად ამბობენ იმასაც, რომ დროა, კრიზისულ ვითარებაში მყოფმა ევროკავშირმა პოლიტიკას გადახედოს და პატივი სცეს ქვეყნის სუვერენიტეტს.

გაძლიერებული შეტევა, დეზინფორმაციული კამპანიები და უსამართლო რეზოლუციები საქართველოს წინააღმდეგ - ბრიუსელის ბიუროკრატებისა და მათი ქართველი პარტნიორების კოორდინირებულ იერიშებზე ევროპარლამენტარებთან უკვე მეორე დღეა საუბრობს თავად ქართული დელეგაცია. სტრასბურგში, კონსერვატიულ პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, გიორგი ჩაკვეტაძემ და ვახტანგ თურნავამ ორმხრივ პარტნიორობასთან ერთად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და არჩეულ კურსთან დაკავშირებით ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზეც. შეხვედრების დროს განიხილეს რეგიონში არსებული რთული ვითარებაც.

დღესვე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებია ჩანიშნული, რომელიც ქართული დელეგაციის მონაწილეობის გარეშე ჩაივლის. სახელისუფლებო გუნდისთვის ცალკეული ევროპელი ბიუროკრატის გადაწყვეტილება - მორიგი უსაფუძვლო რეზოლუცია მიიღონ და თან განსასჯელის სკამზე მჯდომი ელენე ხოშტარიას საქმეზე - დიდი ხანია საინტერესო აღარ არის. ევროპელ პოლიტიკოსებს "ქართული ოცნებიდან" დღეს თავად ხოშტარიას რუსული ფინანსებით დაინტერესებაც ურჩიეს.

"ქართული ოცნებისთვის" მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკურ პარტნიორებთან დიალოგია. სტრასბურგში მყოფი დელეგაცია ვიზიტის პირველ დღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისთან ერთად ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა. განიხილეს საქართველოს მიერ არჩეული კურსი, ევროინტეგრაცია და თანამშრომლობის საკითხები. ითქვა, რომ თბილისი მზადაა სტრასბურგში პასეს სხდომებს დაუბრუნდეს - დათქმების დაწესების გარეშე და საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში.

დღის ამბები