საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. სტრასბურგში ვიზიტის მეორე დღეს გიორგი ჩაკვეტაძე და ვახტანგ თურნავა კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან. დეპუტატები აქცენტს ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ საქართველოს პოზიციაზე და ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე აკეთებენ.
"უკვე გვაქვს საშუალება, რომ შევხდეთ ცალკეულ ევროპარლამენტარებს, იმ ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს იდეოლოგიას, იზიარებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, რომლის წინაშეც არის საქართველო.
ასევე, აფასებენ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს.
გვაქვს საუბარი მათთან იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები იყო წლების მანძილზე საქართველოში, როგორ ხდებოდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა უსამართლო რეზოლუციების მიღება.
ისინი იზიარებენ იმას, რომ საქართველო არის რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რომ საქართველო ვერ დააწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ასევე, იზიარებენ იმ შეშფოთებას, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მიმართ გაძლიერებული შეტევების კუთხით. კარგია, რომ ეს ყველაფერი ესმის ჩვენ ევროპელ კოლეგებს," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.