06 აგვისტო 2026,   03:01
ვრცლად
ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დაკავებულია 51 პირი - შსს

გასული ორი დღის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ, დაკავებულია 51 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები", - განაცხადა ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

დღის ამბები