ამომრჩევლამდე პარტიამ გადაწყვიტა და საკუთარ გენერალურ მდივანს გაემიჯნა. თამარ ჩერგოლეიშვილთან საჯარო კომუნიკაციის გამო, პეტრე ცისკარიშვილმა ყვითელი ბარათი ჯერ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისგან", ბოლოს კი 9 სუბიექტისგან შემდგარი ალიანსისგან. ყველაფერი კი სწორედ ამ ალიანსში შემავალი ერთი პარტიის გამო დაიწყო. ცისკარიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა "თავისუფლების მოედნის" დისტანცირების მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" წარსულისგან. საჯაროდ გამოხატული ეს პოზიცია თავის მხრივ, მიუღებელი აღმოჩნდა ფედერალისტების ლიდერისთვის, რომელმაც ნაცმოძრაობის გენმდივანს ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაზე მიუთითა.
ოპოზიციური ერთობის გამოცხადებიდან 1 კვირაში ჩერგოლეიშვილი-ცისკარიშვილს შორის მწვავე დაპირისპირება საჯარო სივრცეში დაიწყო, თან პარტიულ რეიტინგებზე მინიშნებით და თან პერსონალური შეურაცხყოფებით.
პარტიის დაცვას ცდილობდა, თუმცა თავად პარტიამ ის დღეს არ დაიცვა. მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ-სტატუსით პეტრე ცისკარიშვილისგან დაიცვა თავისუფლების მოედანი, რომლის წევრებიც ამტკიცებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან არ თანამშრომლობდნენ. ლევან ცუცქირიძის პარტია მისი მიზეზით დაწყებულ კონფლიქტს დუმილით პასუხობს. მედიასთან გამოჩნდა, თუმცა საკითხის უკომენტაროდ დატოვება ამჯობინა პეტრე ცისკარიშვილმაც, რომელმაც მისსავე განცხადებებზე დასმულ კითხვებს ისევ აგრესიული ფორმით უპასუხა.
შეთანხმებაზე ხელმომწერმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ გენერალურ მდივანს ამ შეთანხმების დაცვისკენ საჯაროდ მოუწოდა. პარტიამ განცხადება სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსის შემდეგ გაავრცელა და დაწერა, რომ ემიჯნება პარტნიორებზე ნებისმიერ თავდასხმას. ნაციონალურ მოძრაობაზე მეტად ლოიალური დღეს ცისკარიშვილის მისამართით ნიკა გვარამია აღმოჩნდა..
"მორიგი იძულებითი ერთობა, რომელიც ჩანასახშივე უპერსპექტივოა "- ასე ხედავს რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული ოპოზიციური ალიანსის შიდადაპირისპირებას მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გარედან ნაკარნახევი ინსტრუქციებით "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეების გაერთიანებას შედეგი ვერ მოაქვს, რადგან პროცესი ხელოვნურია.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ოპოზიციის ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დაკორექტირდეს უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელი - ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ განაცხადს ამყარებს თავად "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაც, რომელსაც ალიანსში შემავალი დანარჩენი 8 სუბიექტის პარტიული ნომრის ქვეშ გაერთიანება სურს. სწორედ ეს გახდა ოპოზიციონერ პარტნიორებს შორის უთანხმოების პირველი მიზეზი, რასაც მეორე დღეს უკვე მეორეც მოჰყვა.