ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამართა. მთავარი თემები მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საკანონმდებლო ცვლილებები და საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები იყო.
პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან შეხვედრას პლატფორმა "იქსზე" გამოეხმაურა მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული.
დიალოგის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა 2 დღის განმავლობაში გამართული შეხვედრები შეაჯამა. პერე ჟოან პონს სამპიეტროს თქმით, პოლიტიკურ აქტორებთან ყველა საკითხის წამოჭრა შეძლეს.
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის ნაკლებობაზე ისაუბრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც. ნიკა სამხარაძის თქმით, ამის მიზეზი ოპოზიციაა, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას და არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში.
ეუთოს დელეგაციის წევრებმა დღევანდელი დღე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას დაუთმეს. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები საუბრის მთავარი საკითხები იყო გეკა გელაძესთან შეხვედრაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათი ვიზიტი აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კარგი შესაძლებლობაა.
ეუთოს დელეგაციამ შეხვედრები გუშინ უკვე გამართა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დელეგაცია პოლიტიკურ პროცესებზე კარგად იყო ინფორმირებული და მათგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დელეგაციის ყველა კითხვას მათი მხრიდან ამომწურავი პასუხი გაეცა. სახელისუფლებო გუნდის წევრებს აქვთ მოლოდინი, რომ ყველა ინფორმაცია გაანალიზებული იქნება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სახალხო დამცველთანაც. ომბუდსმენმა დელეგაციას ინფორმაცია ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დასრულებულია. თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ასამბლეის წევრები საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებენ.