შეიარაღებული კონფლიქტის მეთერთმეტე დღეს, პენტაგონი რეგიონში მოიერიშეების და ბომბდამშენების უპრეცედენტო რაოდენობას აგზავნის. რეკორდული იქნება ირანზე ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების ინტენსივობაც.
"ცახალის" და "პენტაგონის" განცხადებით, იერიშის სამიზნეებია: ირანის სარაკეტო კომპლექსები, საჰაერო და საზღვაო ფლოტი, სამხედრო-სამრეწველო ცენტრები, ქვეყნის ტექნოლოგიური და ფინანსური ინფრასტრუქტურა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ის სამი საკვანძო ამოცანაც დაასახელა, რომელთა მიღწევასაც "მოკავშირეები ძალის გამოყენებით ცდილობენ".
მოკავშირეების მიერ ირანზე დარტყმების მორიგი სერიის დაწყებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანში ომი პრაქტიკულად დასრულებულია. კამპანიის ფარგლებში კი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების დიდი ნაწილი უკვე განადგურებული. მიუხედავად ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ოპერაციის გადამწყვეტი ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის.
ომის დასრულების პირობებს თეირანი განსაზღვრავს და არა ვაშინგტონი — ეს ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციაა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი სახელმწიფო საპასუხო სარაკეტო დარტყმებს იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება.
ცნობილია იერუსალიმის პოზიციაც: ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ებრაული სახელმწიფო ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იერიშებს არ შეწყვეტს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისრაელისთვის მიმდინარე სამხედრო კამპანიის მთავარი ამოცანა ირანში მოქმედი თეოკრატიული სისტემის დემონტაჟია.
უკვე ათ დღეზე მეტია ვაშინგტონი და თელ-ავივი ისლამურ რესპუბლიკაზე მასირებულ იერიშებს ახორციელებენ. საპასუხოდ, თეირანი რაკეტებითა და დრონებით თავს ესხმის რეგიონში ამერიკის მოკავშირეებს და ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს. ენერგორესურსების ტრანზიტის შეფერხების გამო, მსოფლიოში ნავთობზე ფასები რეკორდულად გაიზარდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.