07 აგვისტო 2026,   01:26
ვრცლად
საინფორმაციო იერიში ქვეყნის წინააღმდეგ - მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი მედიაორგანიზაციები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იერიშებს, ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან წინასწარ შემუშავებული სქემით ახორციელებენ

ხელისუფლების მიერ დასახელებული ქართველი აქტორები ლონდონთან მჭიდრო კომუნიკაციას კონკრეტულ დროს და კონკრეტული მიზნით ახორციელებენ. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი მედიაორგანიზაციები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იერიშებს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან წინასწარ შემუშავებული სქემით ახორციელებენ. უმრავლესობისთვის ამის დასტურია გაერთიანებული სამეფოს თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და პლატფორმა "აი ფაქტის" მიერ გამოქვეყნებული მასალა. მედიაორგანიზაციამ ინფორმაცია ყულევის ტერმინალში შემავალ კონკრეტულ ტანკერებზე გაავრცელა, დასახელებული ხომალდები კი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ჰქონდათ თუ არა წინასწარ ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი სანქციებს მათ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებ კონკრეტულ ხომალდებს დაუწესებდა? - "აიფაქტში" ამტკიცებენ, რომ "ბავლისა" და "კარაკუზის" შავ სიაში შეყვანის შესახებ მხოლოდ ლონდონის მიერ გამოქვეყნებული სანქციების შემდეგ გაიგეს. უარყოფენ კავშირსაც ბრიტანულ მხარესთან.

"აი ფაქტმა" ვრცელი საგამოძიებო ფილმი გუშინ გაავრცელა. ორგანიზაციამ დიდი დრო დაუთმო კონკრეტულად ყულევის ტერმინალს, სადაც, მათი მტკიცებით, 2025 წლის განმავლობაში საეჭვო ისტორიის მინიმუმ 12 გემი აღმოაჩინეს. განსაკუთრებული აქცენტი კი ორზე - "ბავლსა" და "კარაკუზზე" გააკეთეს. ბრიტანეთმა მათ მიერ დასახელებული ორივე ნავთობტანკერი დაასანქცირა და შავ სიაში 2025 წლის სექტემბერში შეიყვანა.

გარკვეული მედიასაშუალებებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბარს თავს არიდებს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებიან, რომ ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროებიდან აქვთ.

როგორ იღებს ლონდონი თბილისთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს? - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკითხზე კონკრეტულ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ბრიტანულ დაზვერვასთან დაკავშირებული ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ექსპერტულ დახმარებას უწევს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს. ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრში სანქციების მიმართულებით ირინე მამულაშვილი მუშაობს, რომელიც 4 წლის განმავლობაში "სამართლიან არჩევნებში" იყო დასაქმებული და აქტიურობდა ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების კუთხითაც. მეორე კი ნათია სესკურიაა - მკვლევარი შავი ზღვის მიმართულებით და საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი. იგი კონსულტაციას უწევს ბრიტანეთის მთავრობის წევრებს. საქართველოში კი დაფუძნებული ჰქონდა "უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტი", რომელიც ბრიტანულ ანალიტიკურ ცენტრთან ჯერ კიდევ წლების წინ თანამშრომლობდა.

საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციის პარალელურად, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სანქციების გვერდის ავლაში უკვე არაერთი ქვეყანა ამხილეს, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, სადაც 8 მილიარდი დოლარის საეჭვო ტრანზაქცია შესრულდა. სასანქციო პოლიტიკის დამრღვევად, "ქართული ოცნების" თქმით, დასახელდნენ ბალტიის ქვეყნები და გერმანიაც.

დღის ამბები