მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეული დღეს, თბილისში გაიხსნა, ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები.
ღონისძიების მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.
"ეს არის ტრადიციული კვირეული, რომლის მთავარი მიზანია უწყებებმა მოახდინონ მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი ინფორმირება იმ უფლებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებს გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში. საკანონმდებლო ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ამა თუ იმ პროდუქტს, იქნება ეს ონლაინ თუ ფიზიკურად, მაქსიმალურად ინფორმირების შემთხვევაში იყოს დაცული და ამის არაერთი წარმატებული გამოცდილება არსებობს“, - აცხადებს საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.