08 აგვისტო 2026,   12:07
ვრცლად
საინფორმაციო დივერსია - თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება "ქართული ოცნებისთვის" ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივია

პოტენციური სამიზნეები, რომელზეც სახელისუფლებო გუნდი საუბრობს, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაასახელა. საუბარია თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი ირანის მხრიდან, შესაძლო თავდასხმის ობიექტებად განიხილავს. თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება "ქართული ოცნებისთვის" ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივია, განსაკუთრებით გლობალური კრიზისისა და საომარი ვითარების ფონზე, რომელიც ფართომასშტაბიანი ომის სახით სპარსეთის ყურეში უკვე 1 კვირაა გრძელდება.

გენერალ-მაიორმა, რომელიც წლების წინ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავადაც იყო, ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ საქართველო შესაძლოა ირანის პირდაპირი დარტყმის ობიექტი გახდეს.

რას ეფუძნება გენშტაბის ყოფილი უფროსის განცხადება და არსებობს თუ არა თავდასხმის რეალური წინაპირობა საქართველოს შემთხვევაში? - გადაცემაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ვახტანგ კაპანაძემ "კურიერთან" ინტერვიუში თქვა, რომ კონკრეტულად თბილისზე იერიშის საფრთხე არ არსებობს, მისი განცხადება კი მხოლოდ ვარაუდი იყო.

გენერალ-მაიორი კაპანაძე არ არის ერთადერთი, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საფრთხის შემცველ და დეზინფორმაციულ განცხადებებს აკეთებს. ოპოზიციური პარტიებისა, თუ მათი ცალკეული წარმომადგენლების კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. "სართული. ახალი თაობის ძალა" გავრცელებულ ვიდეომასალაში ამტკიცებს, რომ ირანი საქართველო ტერიტორიაზე გამავალი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე დარტყმით იმუქრება.

ყველა მსგავსი განცხადება საფრთხის შემცველი და უპასუხისმგებლოა ოპოზიციის ნაწილისთვის. გახარიას გუნდი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

სახელმწიფოს საბოტაჟი და საინფორმაციო დივერსია - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ყველა დეზინფორმაციულ და საფრთხისშემცველ განცხადებას. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საომარ ვითარებაზე თამამად მოსაუბრე ადამიანთა ჯგუფის მიზანი, საქართველოს კონფლიქტურ ვითარებაში ჩართვაა. 

მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და საფრთხეების ფონზე უცვლელია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და აწარმოოს ფრთხილი, რაციონალური პოლიტიკა. 

დღის ამბები