08 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობის გადატვირთვა - საქართველოს ოფიციალური დელეგაცია შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და საქართველო - ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც საპარლამენტო დელეგაცია შტატებში შეხვედრების დროს საუბრობს.

ამერიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები უკვე გამართეს. საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებით, ამერიკულ მხარეს პრაგმატული დამოკიდებულება აქვს, არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების, არამედ მისი თვისობრივი გაუმჯობესების მხრივ. ურთიერთობების გაჯანსაღების გარდა, აქცენტი კეთდება უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.

შტატების მხრიდან შეცვლილ დამოკიდებულებებზე სახელისუფლებო გუნდის წევრები სენატში და კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ საუბრობენ. ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად ოპოზიციისთვის ვიზიტი უშედეგოა. ხელისუფლების ოპონენტები ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას, მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შემთხვევაში ხედავენ.

მმართველი პარტიის წევრებისთვის ამერიკაში ვიზიტი "დროულია". საპარლამენტო უმრავლესობის და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებით, სენატისა და კონგრესის, ასევე, ტრამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები მილანში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კომუნიკაციის გაგრძელებაა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ვიზიტის შემდეგ, მმართველ პარტიას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციები ექნება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შტატებში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში. სიტყვის თავისუფლება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნების სუვერენიტეტი - ამ თემებზე იყო საუბარი სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან.

სამიტში მონაწილეობის გარდა, ვაშინგტონში ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში. სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მუშაობისთვის მზაობა ქართულმა მხარემ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთანაც დაადასტურა. საპარლამენტო დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა, ასევე, ანალიტიკური ცენტრისა და "ქუინსის ინსტიტუტის" დირექტორთანაც.

დღის ამბები