12 აგვისტო 2026,   06:41
ვრცლად
რა აკავშირებს "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი გახარიას პარტიას - მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებები თუ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები?

...აქ უნდა იყოს გახარიას ფოტო მიუნხენის კონფერენციიდან. თუმცა, ალბათ, რაც არ არსებობს, ის ვერც იქნება. იმიგრირებული პოლიტიკოსის პარტიამ ჯერ ბავარიის დედაქალაქში ლიდერის შეხვედრები დააანონსა, შემდეგ ფოტოების გასაჯაროების პირობა დადო.

ბოლოს კი თქვეს, რომ გახარიას პოპულიზმი არ უყვარს - პოლიტიკოსს, რომელმაც პარტიის სახელში საკუთარი გვარი ჩაწერა, ფოტოების გადაღებაც უყვარს და არც მათ რაოდენობას უჩივის. მმართველი გუნდი აქცენტს გახარიას პარტიის, ტყუილზე აგებულ პოლიტიკაზე აკეთებს. იხსენებენ გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობის არაერთ ფაქტს, რომელსაც პარტია მუდმივად მალავს.

სიის ათეულში ჩაწერილი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე ერთადერთი არ ყოფილა. გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას მუდმივად უარყოფს, თუმცა სიტყვა საქმეს არასდროს ემთხვევა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გამო გადამდგარი გახარიას პარტიის წევრებისა და წინა ხელისუფლების კავშირები ბევრ წელს ითვლის. მაგალითად, ერთ-ერთი ლიდერი ტატა ხვედელიანი, რომელიც დღეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" წითელ ხაზებზე საუბრობს, წარსულში კი მათთვის მწვანე შუქს ანთებდა - 2008-2012 წლებში, ჯერ სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის აქტიური წევრობისას, შემდეგ ვაკე-საბურთალოს გამგეობაში მუშაობისას და ბოლოს ლადო ვარძელაშვილის ახალგაზრდობის სამინისტროში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებული.

აკეთებდა იმას, რაც მოსწონდა, თუმცა როგორ და რა მიზნებისთვის გამოიყენებოდნენ სტუდენტები "ნაციონალური მოძრაობის" დროს? მაშინ აქტივისტი და არაერთი ორგანიზაციის წევრი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ თუ სტუდენტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" იდეოლოგიურ თანხვედრას არ იზიარებდა და არც პარტიასთან იყო დაახლოებული, კარიერული წინსვლაც გამორიცხული იყო. ქადაგიძის თქმით, სტუდენტურ თვითმმართველობაში აქტიურ წევრობას სააკაშვილის პარტიის თანხმობა სჭირდებოდა, მით უმეტეს - ისეთი აქტიური წევრის შემთხვევაში, როგორიც ხვედელიანი იყო.

"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე კომპონენტად აქცია და ლადო ვარძელაშვილს ანდო - პოლიტიკოსს, რომელსაც სტუდენტებისა და ახალგაზრდების დამორჩილება ჩაბარდა. ზურაბ ქადაგიძე იხსენებს, რომ ვარძელაშვილის გარეშე სამინისტროში კადრები ვერ ხვდებოდნენ. სწორედ ვარძელაშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი ტატა ხვედელიანი, რომელიც არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ამ წლებში განსაკუთრებით აქტუალური იყო პროგრამა "სტუდენტური სახე".

აქტუალური იყო ასევე "პატრიოტთა ბანაკიც", რომელიც სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა და ახალგაზრდებისთვის საბანაკო სისტემა დაინერგა. მიზნად პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება სახელდებოდა, თუმცა რეალურ მიზნებზე მიხეილ სააკაშვილმა თავადვე გააკეთა განცხადებები.

მაშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს სააკაშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით საჯარო პროტესტი არ გამოუთქვამს. დაუწერელი კანონის მიხედვით, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდა, მათ რიგებშიც ვერ ხვდებოდა.

მერი ვერ გახდა, არც მაშინდელ დანახარჯებსა და დანაკარგებს აპროტესტებდა, თუმცა მოგვიანებით სტრატეგია შეცვალა. პარტიის წევრები ყველაფერს იწუნებენ, ხშირად არგუმენტების გარეშე. მაშინ კი, როცა ხვედელიანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში აქტიურად იყო ჩართული, სტუდენტთა სხვა ნაწილი სწავლის გადასახადის განახევრებას ითხოვდა - თავად კი ინიციატივას არ შეუერთდა.

გახარია-სააკაშვილის პარტიების ალიანსი მმართველი გუნდისთვის, არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორმა პარტიამ საკრებულოებში კოალიცია გააფორმა.

"ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას პარტიის გზები მრავალი წლის წინ გადაიკვეთა, თუმცა ხელისუფლება ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ, ერთად თუ ცალ-ცალკე, ქვეყანაში რადიკალური მიზნები რეალობად ვერ იქცევა.

დღის ამბები