18 ივნისი 2026,   20:56
ვრცლად
ირანის სამთავრობო მაუწყებელმა ისლამურ რესპუბლიკას ამცნო, რომ, 47-წლიანი მმართველობის შემდეგ, ისტორია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია

ირანის სამთავრობო მაუწყებელმა ისლამურ რესპუბლიკას ამცნო, რომ, 47-წლიანი მმართველობის შემდეგ, ისტორია დასრულდა. აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. სულიერი ლიდერის მკვლელობაში ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება.

ოფიციალურმა ირანმა 40-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

განსხვავებულად შეხვდნენ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ირანელები დიქტატორის სიკვდილს. რეჟიმის ლიდერის ლიკვიდაცია მათთვის ზეიმად იქცა.

ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციას Truth social-ზე შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ირანისთვის შანსია, ძველი დიდება დაიბრუნოს.

"ამერიკელებმა ირანელები გულში დანით დაჭრეს" - ასე გამოეხმაურა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი სპეცოპერაციას და პირობა დადო, რომ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ, საპასუხო ზომები გაცილებით მკაცრი იქნება.

ისრაელი, სადაც დღესაც აფეთქებების ხმა ისმის და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სრულ საბრძოლო მზადყოფნას აცხადებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაა. სამხედრო წრეებში აანონსებენ, რომ ოპერაცია რთული და კომპლექსური იქნება. არსებული რისკების მიუხედავად, ისრაელი უკან დახევას არ აპირებს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანში ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავიც. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მუსავი იყო იმ 30 ძირითად ირანელ ლიდერსა და სამხედრო მაღალჩინოსანს შორის, რომლებიც შაბათს ისრაელისა და აშშ-ს სამიზნეს წარმოადგენდნენ.

ირანსა და ისრაელში სამხედრო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ირანში 200 დაღუპული და 700-ამდე დაშავებულია. თელ-ავივში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

დღის ამბები