უამინდობა საქართველოში და ავტომაგისტრალებზე დაწესებული შეზღუდვები - ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გომი-საჩხერეს, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე, ასევე ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე. ანალოგიური შეზღუდვებია დაწესებული საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლსდილის მონაკვეთებზე. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, ამ დროისათვის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.