სექსუალური მომსახურება მასაჟის ნაცვლად - კადრები ერთ-ერთ სალონში ფარულადაა გადაღებული. ადმინისტრატორები კლიენტებთან ჯერ ფასზე თანხმდებოდნენ, შემდეგ კი კლიენტს და პროსტიტუციაში ჩართულ პირს ერთმანეთში ახვედრებდნენ.
დანაშაულის ფაქტები თბილისში მდებარე 10 სალონში გამოვლინდა. ყველა ობიექტი პოლიციამ დალუქა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
ერთ-ერთი სალონი რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში მდებარეობდა, აბრის მიხედვით, აქ მასაჟის სალონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტაილანდის მოქალაქეები ფართს პროსტიტუციისთვის იყენებდნენ.
დაილუქა მაჩაბელზე მდებარე მასაჟის სალონიც, პოლიციამ ამ ობიექტიდან ხელბორკილებით ტაილანდის მოქალაქე გამოიყვანა. ჩხრეკისას ამოღებულია არაერთი ნივთმტკიცება.
დანაშაულის კვალზე პოლიცია ფარული და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ გავიდა. გაშიფრულია სქემაც, რომლითაც ე.წ. მასაჟის სალონები მუშაობდნენ. ირკვევა, რომ ფართებს მფლობელები თანხის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გადასცემდნენ. ამით კი ხელს უწყობდნენ ობიექტების პროსტიტუციისთვის გამოყენებას. მეტიც, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ფართების მფლობელები ქალებს კლიენტების პოვნაშიც ეხმარებოდნენ.
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით პოლიციამ 10 პირი დააკავა. მათ შორის არიან ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
მასაჟის სალონიდან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხაც ამოიღეს. ირკვევა, რომ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირებისთვის პროსტიტუციის ხელშეწყობით აღებული ფული შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.
დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, ნაწილი კი პოზიციას საერთოდ არ ასაჯაროებს.
პროსტიტუციის წინააღმდეგ დაკავების ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. 10 მისამართზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგები, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეაჯამეს.
დანაშაული, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს, 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.