ოდესღაც ურყევი ორმხრივი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშეა - Spectator-ის ჟურნალისტი ამ სიტყვებით, თავისსავე სტატიაში, ლონდონისა და ვაშინგტონის, ჩიხში შესულ ურთიერთობას აღწერს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული შავი კამპანია, შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევა, დიდი ბრიტანეთის ფუნდამენტური ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება და სხვა ბევრი ფაქტი... - ცნობილი ბრიტანული გამოცემის გვერდზე, დეტალურადაა შეფასებული კირ სტარმერის ყველა ის ქმედება, რამაც ერთ დროს თეთრი სახლისა და დაუნინგ სთრითის სამაგალითო პარტნიორობა ახლა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომლის მიმართაც დიდი ბრიტანეთი არაერთგვაროვან პოლიტიკას ავლენს. ბოლო დროს, ლონდონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ თბილისში.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, დღეს ბრიტანული ბიუროკრატია გარე ძალების ხელში - სუვერენული სახელმწიფოების რეპუტაციის შემლახველ იარაღად იქცა.
Spectator-ის სტატიას, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება და ცალსახად ლონდონ-ვაშინგტონის პოლიტიკურ აწმყოს ასახავს, ქართული ოპოზიცია სერიოზულად არ უყურებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შტატები და დიდი ბრიტანეთი ურთიერთობების გადატვირთვას შეძლებენ, იმ პირობებშიც კი, როცა ბრალდებები მატულობს. თეთრი სახლი კი დაუნინგ სტრიტს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს.
ლონდონის მხრიდან პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაფუჭება, რომ ყოველდღიურობად იქცა, ამას მმართველ გუნდში ამბობენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით - პრემიერი სტარმერი ერთაშორის ურთიერთობებს აზიანებს მაშინ, როცა თავისსავე ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 17% უჭერს მხარს.
ბრიტანული გამოცემის ვებგვერდზე სტატია სახელწოდებით "კირ სტარმერი ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ანადგურებს" - გუშინ გამოქვეყნდა. სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო ვაშინგტონსა და ლონდონს შორის დაძაბული ურთიერთობის ქრონიკას ეცნობოდა, ბრიტანეთის პრემიერის გუნდმა - ორ ოლქში, რიგ გარეშე არჩევნები იმ "მწვანეთა პარტიასთან" წააგო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით სულ რაღაც 13%-იანი მხარდაჭერა აქვს.