საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები პირველი მარტიდან, ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად ვეღარ იმუშავებენ. ადგილობრივი შრომის ბაზარს, ამ სამი მიმართულებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები აითვისებენ. საუბარია იმ ახალ დადგენილებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა. რეგულაციებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის ის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობისა და მუშაობის უფლება არ აქვს, ვეღარ დასაქმდება.
გადაწყვეტილება მხოლოდ ტაქსის მძღოლებსა და კურიერებს არ ეხებათ. დადგენილებაში გაწერილია კომპანიებში რეგისტრირებული და არა თვითდასაქმებული მიგრანტების საკითხიც. არსებული კვოტები ადგილობრივების დასაქმების პარალელურად, იმ სფეროებში, სადაც დეფიციტია, უცხოელების დასაქმებასაც გულისხმობს. საკურიერო მომსახურებასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე კი ნულოვანი კვოტაა განსაზღვრული. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ დღეს ბიზნესის, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციების წარმომადგენლებს კანონში შესული ცვლილებები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე დეტალურად განიხილეს აღსრულებისა და კვოტირების საკითხებიც. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.
რეგულაციების ამოქმედებამდე ორი დღით ადრე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს, სწორედ მიგრაციის სფეროში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო.
დადგენილების აღსრულებას, მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები გაუწევენ. მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოსავლენად, ამ დრომდე არაერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი გადამოწმდა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების შეზღუდვას ითვალისწინებს, საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.