11 აგვისტო 2026,   13:10
ვრცლად
შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე - "იმედის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები არ შეექმნება, რადგან უახლოეს მომავალში "იმედის ბანკს" გახსნის

ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრი უცხოური ძალების მხრიდან, ოპოზიციის პოლიტიკური გადარჩენის მცდელობით ხსნის. "ქართული ოცნების" ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაში, ქართული ოპოზიცია კი, სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით რესურსგამოცლილი ოპოზიციის სურვილია საქართველოს ბედს, არა ქართველი ხალხი, არამედ უცხო ძალები წყვეტდნენ, ამის ლუსტრაცია კი მთავრობის მეთაურისთვის ოპოზიციის ის რეაქცია გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას მოჰყვა. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მიზანი რეალობად ვერ იქცევა - ირაკლი კობახიძის თქმით, სანქცია სიმართლეზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

"ცინიკური არგუმენტებით თავდასხმა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი" - ასე აფასებს ტელეკომპანია "იმედი" დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები არ შეექმნება, რადგან უახლოეს მომავალში იმედი - "იმედის ბანკს" გახსნის.

ბრიტანეთის გადაწყვეტილება მისაღები, ამ ფონზე კი, ახალი ბანკის დაარსება მიუღებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებს სჯერათ, რომ ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილება არა ვარაუდით, არამედ სამართლებრივი საფუძვლით არის გამყარებული.

თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და შეკერილი საქმე - "ქართულ ოცნებაში" ოფიციალური ლონდონის მხრიდან უსამართლო მიდგომა წარსულშიც ბევრი ახსოვთ და არც ახლა გაჰკვირვებიათ, ისევე როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების დუმილი. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბრიტანეთის ელჩის ის ვიდეომიმართვაც გაიხსენა, სადაც გარედ უორდი თავისუფალი მედიის დაცვის პირობას დებს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, თავისუფალ მედიაზე თავდასხმას დიპლომატი თავად აორგანიზებდა.

ოფიციალურმა ლონდონმა ქართული მედიების წინააღმდეგ გადაწყვეტილება 3 დღის წინ მიიღო, ამ გადაწყვეტილების ახსნის მიზნით კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ ინგლისელი დიპლომატიც დაიბარეს, თუმცა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გარედ უორდმა უწყება ისე დატოვა, რომ ერთი არგუმენტიც ვერ წარადგინა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები