11 აგვისტო 2026,   06:35
ვრცლად
პრემიერი სტეფანჩუკის განცხადებაზე: საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო უზრუნველყოფილი მხარდაჭერის გამოხატვა, რაც იყო კონკრეტულ აქტებში, მათ შორის ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს, აქტს, რეზოლუციას და ა.შ. შეუერთდა საქართველო, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. უფრო მეტიც, რომელიც გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი დამოკიდებულება იყო მკაფიო, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რადის დეპუტატის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკრაინასთან ურთიერთობის ბოლო ოთხი წლის ქრონოლოგია ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო მუდმივად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავად უკრაინის დამოკიდებულება კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო მტრული.

"ამ ფონზე გახსოვთ, როგორ ვითარდებოდა პროცესები. ჯერ იყო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა. ეს მოხდა ომის დაწყებიდან 4-5 დღეში. საბაბი ამისთვის იყო, ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ ჩვენ უარი ვთქვით მებრძოლების გაგზავნაზე მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში, რაც ნიშნავდა საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. და მეორე იყო სანქციების არ დაწესება. მინდა შეგახსენოთ, რომ სანქციები ბევრმა სხვა ქვეყანამაც არ დააწესა რუსეთის მიმართ თუმცა იმ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე. იყო მტრული დამოკიდებულება, რომელიც გამოვლინდა. ამის მიუხედავად საქართველო მუდმივად განაგრძობდა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მუდმივად გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ამის შემდეგ ვიხილეთ კიდევ ერთი აქტი, ეს იყო საქართველოს ელჩის ფაქტობრივად გაძევება უკრაინიდან და აქ საბაბი იყო თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის წამება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. აქაც იყო მტრული აქტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ის ელჩი, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდან, არც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრმა ელჩმა მაშივე მიატოვა კიევი მისივე ხელისუფლების მითითებით. ეს არის ქრონოლოგია იმ ფაქტებისა, რომელიც შემიძლია გავიხსენო.
ამის შემდეგ იყო არაერთი მტრული განცხადება და შემდეგ იყო ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო რჩებოდა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინაც მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელსაც სხვათა შორის არა ერთმა "პროდასავლურმა" და "ანტირუსულმა" ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი.
ვხედავთ, რომ ყველას მხრიდან არის ორმაგი სტანდარტები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი. მათ შორის შეიძლება ისიც იყოს, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს. ფაქტია, რომ ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია მყარი მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ღია წერილით გამოეხმაურა. სტეფანჩუკმა დაწერა, რომ "უკრაინას არ სჭირდება დარიგებები მორალისტებისგან, არამედ სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები".

დღის ამბები