"შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს. ბიზნესს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია იმ დადგენილებასთან და რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან, საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად მუშაობა აეკრძალება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური აცხადებს, რომ სიახლეები ძალაში პირველი მარტიდან შევა.
"დღევანდელი შეხვედრის მიზანია, თითოეულ მათგანს გავაცნოთ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონით დადგენილი ის სიახლეები, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ დეტალურად გავაცნოთ მათ ის სიახლეები, რომელიც პირველი მარტიდან შემოდის ძალაში", - აცხადებს ბუნტური.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას შრომის ბაზარი.
"სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ დაიცვას ადგილობრივი შრომის ბაზარი და უსაფრთხოების ნაწილში იცოდეს ვინ შემოდის ქვეყანაში და ვინ გადის, ეს მათი ლეგიტიმური ინტერესია, ამას ჩვენ პატივს ვცემთ.
რეგულაციები გაწერილია, რომელსაც, შესაძლოა, გვერდითი ეფექტები ჰქონდეს, ამიტომ პოლიტიკის დამდგენისთვისაც მნიშვნელოვანია ჰქონდეს შეხვედრა ბიზნესთან", - აცხადებს ვეფხვაძე.