სასურსათო პროდუქციის ფასის დარეგულირების მიზნით შექმნილი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. რიგით მეოთხე შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით ჩაივლის.
საკითხზე საპარლამენტო კომისია სამთავრობო გუნდთან კოორდინირებულად მუშაობს. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ კარგად გათვლილი და შეთანხმებული ნაბიჯებით, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, პროცესში, კომისიამ 6 პრობლემის იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც პროდუქტის თვითღირებულების ზრდაზე ახდენს გავლენას.
"კომისიის ფარგლებში გვაქვს მე-4 შეხვედრა. ამ ეტაპზე, ვხვდებით ფასწარმოქმნის ჯაჭვში რიგით მეორე რგოლს. ფასწარმოქმნის ჯაჭვის სამ საფეხურიანია. სრულად შევისწავლეთ პირველი საფეხური, რომელიც იყო ადგილობრივი წარმოება.
აქ არაერთი პრობლემა აღმოჩნდა, ჯამში 6 პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით, რომელიც პროდუქტის თვითღირებულების ზრდაზე გავლენას ახდენს. გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბუტორები, ორი შეხვედრა გვექნება, რათა პრობლემების სწორი იდენტიფიცირება მოვახდინოთ, შემდეგ შევიმუშაოთ შესაბამისი მექანიზმები", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.