09 აგვისტო 2026,   00:36
ვრცლად
ვინ იყვნენ ქველმოქმედი ძმები ზუბალაშვილები, რომლებმაც თბილისში არაერთი შენობა და ეკლესია ააშენეს

"საქართველოში ბევრია მდიდარი, მაგრამ ზუბალაშვილთა მსგავსი ქველმოქმედი არავინაა," - ნიკო ნიკოლაძე

"როცა სხვა გთხოვს და მერე დაეხმარები, ამას მადლი აღარ აქვს"

სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

ტასო ზუბალაშვილი, ზუბალაშვილების უკანასკნელი შთამომავალი იხსენებს:

"1921 წლის 25 თებერვალს, ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენს სახლში აქოშინებული შემოვარდა უპოვართა სახლის დარაჯი და მამაჩემს უთხრა: რუსის ჯარი შემოვიდა, ყველაფერს აფუჭებენ; წამობრძანდით, იქნებ რაიმე გადავარჩინოთო. მამა სასწრაფოდ გაემართა ეტლით შენობისკენ, მაგრამ მალე დაბრუნდა საშინლად შეწუხებული:    ყველაფერი გაუნადგურებიათ, ნიკოლოზის ბიუსტიც ნამსხვრევებად უქცევიათო. მამას ხელში ეჭირა ამ ბიუსტის სამი ნატეხი (მწვანე ფერისა იყო), მაგიდის უჯრაში ჩადო. ისიც მახსოვს: მამა უჯრიდან ხშირად ამოიღებდა ამ ნატეხებს, გულდაწყვეტით დახედავდა და მერე ისევ შეინახავდა მოწიწებით…“

ძმები ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრი, თბილისის უნივერსიტეტი და კონსერვატორია. ამ ისტორიული შენობების აგებისთვის ზუბალაშვილებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს. ისინი აქტიურად აფინანსებდნენ გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „ჯეჯილს“. პარიზში, ლუვრში, ერთ-ერთი დარბაზის კედელზე განთავსებულ მარმარილოს დაფაზე, ამოტვიფრულია ექსპოზიციის შემომწირველთა სახელები, რომელთა შორისაც იაკობ ზუბალაშვილსაც ამოიკითხავთ. მათ სახელს უკავშირდება თბილისში პირველი პედიატრიული საავადმყოფოს გახსნაც, რომელიც ძმებმა სრულად აღჭურვეს ევროპიდან ჩამოტანილი სამედიცინო ხელსაწყოებით.

ძმები ზუბალაშვილების მიერ, კოჯრის გზაზე, ფუნქციონირებდა პირველი უფასო სასადილო „სამადლო“, რომელიც დღეს აღარ არსებობს. სტეფანეს თაოსნობით, ძმები ზუბალაშვილების სახელთანაა დაკავშირებული თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიის, უნივერსიტეტის I კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის, დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა. ძმებმა ზუბალაშვილებმა, მამასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს 5 კათოლიკურ ეკლესიას თბილისში, ბათუმსა და გორში. როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ძმები ზუბალაშვილების დახმარებით შეიძინა ზაქარია ფალიაშვილმა როიალი.

მრეწველთა, სოვდაგართა, ქველმოქმედთა და მეცენატთა ცნობილი გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩნდება. ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი ზუბალაშვილი, სარწმუნეობით მართლმადიდებელი ქრისტიანი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის თანამონაწილე, ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში.
მეფე ერეკლე II-ის დროის მოღვაწე რომანოზ ზუბალაშვილი კარგად იცნობდა სასტამბო საქმეს. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ეს საქმიანობა. მისმა შვილებმა – დავითმა და გიორგიმ განაგრძეს მამის დაწყებული საქმე.

ზუბალაშვილებს ფართო სავაჭრო ქსელი ჰქონდათ გაშლილი ჩრდილოეთ კავკასიაში, თურქეთში, ინდოეთში. სტეფანე ზუბალაშვილი დასახლდა ინდოეთში.

თბილისში არის ძმები ზუბალაშვილების ქუჩა

 

იაკობ ზუბალაშვილი (1792-1864)
კონსტანტინე იაკობის ძე (1828-1901)
ლევანი (1853-1914)
სტეფანე (1860-1904)
პეტრე (1862-1903)
იაკობი (1876-1941)

ძმები ზუბალაშვილების: სტეფანეს, ლევანის, პეტრესა და იაკობის მოღვაწეობაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მათი ბაბუის, იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილისა და მამის, კონსტანტინე, იაკობის ძე ზუბალაშვილის დამსახურებებს, რომელთაც საკუთარი ინტელექტუალური თუ მატერიალური რესურსები ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს მოახმარეს, რომელიც დღემდე ფასდაუდებელ მონაპოვარს წარმოადგენს საქართველოსთვის. მაგალითად, იაკობ ზუბალაშვილი იყო, ვინც 1838 წელს, მთელს ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა ააშენა ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე, დღეს, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. მისი ინიციატივით, იმერეთში დაფუძნდა პირველი არყის სახდელი ქარხანა. ასევე, პირველი იყო, ვინც საქართველოში, ადგილობრივი გლეხებისაგან შესყიდული ხორბლითა და ფქვილით დამზადებული პურით ვაჭრობა დაიწყო, მამასა და ძმებთან ერთად. იაკობ ზუბალაშვილი წურბელებითაც კი ვაჭრობდა.

1840-იანი წლებიდან, მას თბილისში, ავლაბარში ჰქონდა ცალკე ქარვასლა, რომელშიც იყო "10 სავაჭრო მაღაზია, საწყობები, ღვინის სარდაფები და 71 სასტუმრო ოთახი“.

იაკობ ზუბალაშვილმა ქალაქის ცენტრში აშენა სასტუმრო „პალასი“, რომელმაც იმპერატორი ნიკოლოზ I-ც კი აღაფრთოვანა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეგზარხოსსაც ძალიან მოეწონა სასახლე და ზუბალაშვილებს სთხოვა, დაეთმოთ იგი თბილისის სასულიერო სემინარიისათვის, რომელიც თითქმის უსასყიდლოდ მიიღო სემინარიამ. დღესდღეობით, ეს შენობა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სტატუსს ატარებს.

სასტუმრო პალასის გვერდით, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე (მაშინდელი ერევნის, შემდგომში თეატრის, ხოლო დღეს, თავისუფლების მოედანზე), იაკობმა ააგო მეორე სასახლეც, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ევროპულ ყაიდაზე მოაწყო. ამ სახლში, 1858 წელს, საქართველოში ჩამოსული ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და ორ ოთახსა და ერთ დარბაზს იკავებდა.

დიმიტრი ერმაკოვი – www.tbilisi.gov.ge, საზოგადოებრივი საკუთრება

იაკობ ზუბალაშვილზე არანაკლებ გამჭრიახი იყო და ქველმოქმედი, უფრო მეტადაც კი, მისი შვილი კონსტანტინე ზუბალაშვილი (1828-1901), რომლის მეუღლეც, ასევე, კათოლიკე და ღრმად მორწმუნე ელისაბედ მიხეილის ასული თუმანიშვილი იყო. კონსტანტინესა და ელისაბედს ჰყავდათ 8 შვილი, 5 ბიჭი და სამი გოგო, მათგან პირველი, ანდრია, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა, სწორედ მას შემდეგ შეეძინათ ოთხი ვაჟიშვილი: სტეფანე, ლევანი, პეტრე და იაკობი, რომლებმაც საგვარეულო ტრადიცია არ დაარღვიეს და ცნობილი მეცენატები და ქველმოქმედები გახდნენ.

გადმოცემის თანახმად, კონსტანტინე და ელისაბედი რევმატიზმით დაავადნენ და როგორც ყველა შეძლებული ოჯახი, სამკურნალოდ, ისინიც საფრანგეთის ბასკეთში, პირენეის მთებში, ლურდის ბალნეოლოგიურ კურორტზე წავიდნენ. იმ დროს, გავრცელებული იყო აზრი ლურდის ღვთისმშობლისა და იქაური წმინდა წყლის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. იმის გამო, რომ თერმულმა წყლებმა კარგად იმოქმედა ცოლ-ქმარზე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ შეძლებდნენ ლურდში წასვლას, საქართველოში ბიდონებით წამოიღეს სამკურნალო წყალი. რაღაც ნაწილი კი, ელისაბედის დაჟინებული თხოვნით, წაიღეს ბაქოში, კუნძულზე. მოხუცებულმა ელისაბედმა მთელი კუნძული მოიარა და ყველა ჭაბურღილში თითო ჭიქა წმინდა წყალი ჩაასხა. იმავე ღამეს, ნავთობმა ამოხეთქა და სწორედ აქედან დაიწყო ზუბალაშვილების გამდიდრებაც

ნავთობის ამოქმედების მიზეზი გეოლოგებმა ქიმიურ პროცესს მიაწერეს, რადგან ჭაბურღილებში დაგროვილი გაზი აფერხებდა ნავთობის ამოსვლას და ზემოდან სითხის ჩასხმით წარმოქმნილმა ქიმიურმა რეაქციამ ნავთობს გზა გაუხსნა, თუმცა ელისაბედის აზრით, ეს ლურდის ღვთისმშობლის დამსახურება იყო.

როგორც დავით გურამიშვილი იხსენებს, ის შესწრებია სტეფანეს საუბარს ძმა პეტრესთან, რომელსაც ეუბნებოდა: „იცი, ძმაო, რა გითხრა! ჩვენ რომ ღმერთი გვაძლევს, ჩვენც ხელ გაშლით უნდა ვიცხოვროთ, რომ ხალხს სარგებლობა მოვუტანოთ, თორემ ზედ რომ კრუხებივით დავსხდეთ, ბევრს ვერაფერს გამოვჩეკავთ, ჩვენთვისაც დაკარგული იქნება და ხალხისთვისაც“. ასე და ამგვარად, როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“.

 

სტეფანე ზუბალაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის უბიწოდ ჩასახვის ეკლესიის – ქართველ კათოლიკეთა ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება, რომლის მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და ტაძარიც ამოქმედდა. რეალურად, სტეფანემ დედის, ელისაბედის თხოვნა, ბათუმში კათოლიკური ეკლესიის აშენება აასრულა, რადგან მის უდიდეს სურვილს წარმოადგენდა გამაჰმადიანებული ქართველების გაქრისტიანება. თავად ელისაბედი ვერ მოესწრო ტაძრის კურთხევას, რადგან 60 წლის ასაკში, 1894 წელს გარდაიცვალა.

ზუბალაშვილი, ძმებთან ერთად, აქტიურად უწევდა ფინანსურ მხარდაჭერას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, ამის დასტური კი 1904 წლის 5 აპრილით დათარიღებული წერილია, რომელიც სტეფანე ზუბალაშვილმა ბაქოდან „ფულის ბილეთთან“ერთად გამოაგზავნა: „ჩვენის საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანვე გიგზავნით 10.000 მან. და გთხოვთ მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივრის ქართველისაგან. ღრმა პატივისცემით დავშთები. სტეფანე ზუბალაშვილი. ბაქო“ (შენიშვნა: 1904 წლისათვის 1 მანეთი, დაახლოებით, 30-40 ლარს უდრიდა).

ძმებმა ზუბალაშვილებმა, 1901 წელს, მამის, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახსოვრად, თავიანთი ხარჯით, თბილისის მოსახლეობისთვის თეატრის, „სახალხო სახლის“, დღევანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აშენება გადაწყვიტეს: „ავაშენებთ ისეთ სახლს, რომელიც იქნება საკუთრება მუშებისა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა“, – განაცხადა სტეფანე ზუბალაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო, თეატრში სიარული გაჭირვებულ ხალხსაც შეძლებოდა. ამ შენობაში, გარდა თეატრისა იქნებოდა ბიბლიოთეკა და საჩაიე, სადაც „პიროჟკებითაც“ გაუმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. 1907 წელს მშენებლობა დასრულდა, თუმცა „სახალხო სახლი“, ოფიციალურად,  1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა და ქალაქს გადაეცა საჩუქრად. 

სტეფანე ზუბალაშვილი იყო თბილისში „უპოვართა სახლის“ დაფუძნების ძირითადი ინიციატორი . ძმები ზუბალაშვილების (ყოფილი „არსენალის“, შემდეგ „სასამართლოს“, ხოლო საბჭოთა პერიოდში „ათარბეგოვის“) ქუჩა N48-ში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. შენობა ყურადღებას არა მარტო კარგი არქიტექტურით, არამედ თავისი ისტორიითაც იქცევს. ის უკავშირდება ზუბალაშვილთა გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი ქველმოქმედის – ნიკოლოზ იაგორის ძე ზუბალაშვილის სახელს, რომლის ანდერძის თანახმადაც, თავისი ქონების ნაწილი (ფული და სახლი სასამართლოს ქუჩაზე), ღარიბ ქრისტიანთა თავშესაფრის გასამართავად დაუტოვა თბილისის გამგეობას. თავშესაფარში თანაბარი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები – კათოლიკეები, მართლმადიდებლები და სომეხ-გრიგორიანები. ანდერძი ითვალისწინებდა თავშესაფრისათვის ახალი შენობის აგებას. შენობის პროექტი თბილისელმა არქიტექტორმა მიხეილ ოჰანჯანოვმა შეადგინა. მშენებლობა 1902-1906 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო, როგორც თავშესაფარმა, 1920 წლამდე იფუნქციონირა.

 სტეფანე ზუბალაშვილმა ელისაბედ თუმანიშვილის სურვილთან ერთად, მამის თხოვნაც აასრულა. კონსტანტინეს უნდოდა, გარდაცვლილი შვილისათვის გაეკეთებინა ძვირფასი საფლავი, თუმცა, მეგობრის რჩევით, შვილის ხსოვნისა და სულისთვის ყველაზე ძვირფასი შესაწირი ბავშვთა საავადმყოფოს აშენება იქნებოდა. შედეგად, ავლაბარში, ახლანდელ I საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის, ევროპული  სტანდარტებით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო აშენდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

ლევან ზუბალაშვილი 1914 წელს გარდაიცვალა და პატივი მიაგეს, როგორც ქველმოქმედს საქართველოსა და მოსკოვში.

პეტრე და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები (1862-1903), (1876-1941) – ბიბლიოთეკა ჟენევაში და ლუვრის მუზეუმისთვის შეწირული 581 უნიკალური ერთეულიპეტრე და იაკობ ზუბალაშვილებიც, ძმების მსგავსად, დიდი ქველმოქმედები იყვნენ. პეტრე, ძირითადად, დაკავებული იყო ქართველი სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენით. 1906 წელს, ჟენევაში დააარსა ბიბლიოთეკა ქართველი სტუდენტებისათვის. მან თავისი ფულით მრავალი წიგნი შეიძინა: „იყიდა ბიბლიოთეკისათვის ინვენტარი, გამოუწერა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და 500 ფრანკით დაეხმარა“.

 რაც შეეხება იაკობ ზუბალაშვილს, მისი ინიციატივით, საქართველოში შედგა სწავლულთა წრე, რომლის მიზანიც იყო ქართულ და რუსულ ენაზე მეცნიერული ენციკლოპედიის შედგენა და გამოცემა. ასევე, აპირებდნენ, საქართველოს ენციკლოპედია დაებეჭდათ ინგლისურ ენაზე, რასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპისთვის 

 საქართველოსა და მისი კულტურის გაცნობის თვალსაზრისით. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა.

 

იაკობ ზუბალაშვილის, რომელმაც ცხოვრების მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა და იქ მოიხსენიებდნენ, როგორც ჟაკ მიშელ ზუბალოვს, უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, სულ 581 ერთეული. თავიდან აპირებდა, რომ ეს უკანასკნელი უძვირფასესი განძიც (უნიკალური ნახატები, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები) ეჩუქებინა სამშობლოსათვის, ამისთვის ანდერძიც შეადგინა, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და თავის სიცოცხლეშივე, ნახატების კოლექცია უსასყიდლოდ გადასცა ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებს.

ძმებ ზუბალაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში. ამასთან დაკავშირებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების, თავიანთი მამის, კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი და პირობები შეიმუშავა და 1908–1914 წლებში, ჯამში 47 სტუდენტის სრული, 4 წლიანი კურსი დააფინანსა, მათ შორის, შალვა ელიავასსარგის კაკაბაძისა და გერონტი ქიქოძის. ძმები ზუბალაშვილების ხელშეწყობით სწავლობდა მიხეილ ჯავახიშვილი ბელგიასა და პარიზში. იგი სორბონის უნივერსიტეტში 1907 წელს ეუფლებოდა ლიტერატურას, ხელოვნების ისტორიასა და პოლიტეკონომიას. სტამბოლის ქართულ სავანესთან დაკავშირებითაც, ცნობილია სარატოვის სასულიერო სემინარიაში ქართველ სტუდენტთათვის დაწესებული ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, რომლის პირველი მფლობელი იყო ზაქარია დიდიმამიშვილი.

 „არსენალიდან“ „ძმები ზუბალაშვილების“ ქუჩამდე
ცნობილია, რომ მთაწმინდის იმ უბანში, სადაც ახლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა, ადრე ტყვია-წამლის საწყობი იყო, ე.წ. „არსენალი“ და ამიტომაც, ქუჩა „არსენალის“ სახელს ატარებდა. შემდეგ აქ დადგეს მცირე მოცულობის სასამართლოს შენობა და გადაერქვა „პატარა სასმართლოს ქუჩა“. 1911 წლის 21 იანვარს, თბილისის გამგეობამ სტეფანესა და მისი გვარის დამსახურებისათვის მიიღო დადგენილება – „პატარა სასამართლოს ქუჩა“ იწოდებოდეს „სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩად“, რამაც 1934 წლამდე გასტანა. ამის შემდეგ, ქუჩას ერქვა ვინმე ათარბეგოვის სახელი. 1990-იანი წლებიდან კი, საქართველოს I პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს, ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით, პროფესორ ი. ახუაშვილის დიდი ძალისხმევით, ბავშვთა საავადმყოფოს კოლექტივის მხარდაჭერით, ქუჩას „ძმები ზუბალაშვილების“ სახელი დაუბრუნდა.

1906 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ იაკობ, ლევან, პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ) ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია, ხოლო 1912 წელს, ოთხივე ძმა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს წარმომადგენლებმა ფასდაუდებელი საგანძური დაუტოვეს ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ისე ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული თვალსაზრისით.

გამოყენებული წყაროები:

წყარო 1
წყარო 2
წყარო 3
წყარო 4
წყარო 5
წყარო 6

დღის ამბები