12 აგვისტო 2026,   16:59
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის სანქცია ტელეკომპანიებს - მმართველ გუნდს ბრიტანეთის მთავრობისგან საქართველოს წინააღმდეგ ქმედება არ უკვირს, ხელისუფლების ოპონენტები კი, დასანქცირების გადაწყვეტილებას მიესალმებიან

ინფორმაციის გავრცელება, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას იწვევს - ეს არის მიზეზი, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანია - "იმედისა" და POSTV-ს წინააღმდეგ სანქციების შემოღების არგუმენტად დაასახელა. ლონდონის გადაწყვეტილება გულისხმობს ტელეკომპანიების აქტივების გაყინვას, დირექტორების დისკვალიფიკაციას და სანქციებს მინდობით მომსახურებაზე.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ტელეკომპანია POSTV-იმ სოციალურ ქსელში ირონიით, "იმედმა" კი განცხადებით, უპასუხა. ტელეკომპანია "იმედში" ამბობენ, რომ მათთვის ბრიტანეთის სანქციებს ფასი არ აქვს და ღირებული ქართველი ხალხის ნდობაა.

ბრიტანეთის მთავრობისგან საქართველოს წინააღმდეგ ქმედება არ უკვირს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" დღეს ლონდონის მიერ მიღებული არაერთი მტრული გადაწყვეტილება გაიხსენეს.

ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია - "იმედისა" და POSTV-ის დასანქცირებას მიესალმებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციის მსგავსი პოზიცია აქვს საქართველოში გერმანიის ელჩსაც, რომელიც ტელეკომპანიას, ასევე, დეზინფორმაციის გავრცელებაში დებს ბრალს.

ოპონენტებს და ბრიტანეთის მთავრობას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა 2007 წელი შეახსენა, როდესაც ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმი შეიჭრა, ოფიციალურ ლონდონს კი არც ფაქტი დაუგმია და არც მაშინდელი ხელისუფლება გაუკრიტიკებია. ბრიტანეთს საქართველოდან დღეს ისიც ურჩიეს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნაცვლად საკუთარ პრობლემებს მიხედოს.

უარგუმენტო სანქციები და არაფრისმთქმელი რეზოლუციები - "ქართულ ოცნებაში" დღეს ბრიტანეთის არასამართლიანი დამოკიდებულების არაერთი ფაქტიც გაიხსენეს.

ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები იმედი და POSTV დღეს დაასანქცირა.

დღის ამბები