უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 წლის თავზე, დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ უკრაინა ევროპას უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით და ფართომასშტაბიან ომში უკრაინა დროს სწორედ ევროპისთვის იგებს. განცხადების ავტორი, ამ შემთხვევაში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც ამ თემაზე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა.
ესტონელი დიპლომატის განცხადება, თბილისისთვის აღიარება და ევროკავშირის ბიუროკრატიის მხილებაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მარგუს ცაჰკნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპა კონკრეტული ქვეყნების მეშვეობით ცდილობს საფრთხეების თავიდან არიდებას და ანალოგიურად სურდათ საქართველოს გამოყენებაც.
მარგუს ცაჰკნას პოზიცია ქართველი ოპოზიციონერებისთვის ფაქტის კონსტატაციაა. ხელისუფლები ოპონენტები ამბობენ, რომ ესტონელი დიპლომატი მისი განცხადებით შეეცადა უკრაინა, არა როგორც ფარად, არამედ ევროპისთვის სტრატეგიულ პარტნიორად წარმოეჩინა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სტრატეგია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ უკრაინა კონკრეტული ინტერესისთვის გამოიყენეს.
მარგუს ცაჰკნა, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ბრიუსელში გუშინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მსჯელობა დაიწყეს, თუმცა მინისტერიალი უშედეგოდ დასრულდა და ბლოკის ლიდერებმა სანქციების გამკაცრების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.