კომედიური ჟანრის ახალი თეატრი საქართველოში - განსხვავებული სივრცე მაყურებელთან შესახვედრად პაატა გულიაშვილმა და ნიკა არაბიძემ დააფუძნეს. მაყურებელმა კომედიური თეატრის სცენაზე პირველი პრემიერა იხილა.
მოქმედება გერმანიაში ვითარდება. მთავარი გმირები ქართველი ემიგრანტები არიან. ნიკა რამიშვილის პიესა 4 ადამიანის ისტორიაზეა აგებული. სპექტაკლის რეჟისორი პაატა გულიაშვილია, მასვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება.
რატი ტვილდიანი ოთხიდან ერთ-ერთი ემიგრანტის როლს ასრულებს. შეყვარებული ბიჭი სენაკის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც 20 წლის უნახავი სიყვარულის საძებნელად გერმანიაში ჩავიდა.
კომედიის თეატრში მაყურებელს ბევრ სიცილს ჰპირდებიან. პრემიერამაც სწორედ ამ ემოციების ფონზე ჩაიარა. 45 კაციან დარბაზში იყო სიცილიც და იყო სევდიანი ეპიზოდებიც.
მოწვეულ სტუმრებს შორის დარბაზში იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, დეპუტატები და თეატრალური წრის წარმომადგენლებიც.
ახალ თეატრში სპექტაკლები ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, 8 საათზე გაიმართება. ამ თვეში ყველა ბილეთი გაყიდულია.
ავტორი: ანა ხოშტარია