მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავში განხორციელდება. ქალაქის ისტორიული სტადიონი, რომელიც ადგილობრივებისთვის სპორტული ცხოვრების ეპიცენტრი იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ობიექტი სრულად განახლდება.
ახალი სტადიონი ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს. სპორტსმენები განახლებულ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ. აშენდება ახალი საშხაპეები, გასახდელები და ფიტნეს-სივრცეები. მოეწყობა ტრიბუნები, პრესისთვის განკუთვნილი სივრცე, საპარკინგე ადგილები, განათებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.
მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა რუსთავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაიგეგმა. პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ახალი კომპლექსი ზუსტად იმ ადგილზე შენდება, სადაც გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს რუსთავის პირველი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. სწორედ ამ მოედანზე ვარჯიშობდნენ სხვადასხვა პერიოდში ცნობილი ქართველი სპორტსმენები, მათ შორის ლევან კობიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და ოთარ კიტეიშვილი.
ეს კადრები 1997 წელს არის გადაღებული, როდესაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა იტალია 2:0 დაამარცხა. მეტოქის კარს ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა. მას შემდეგ სტადიონი რუსთაველებისთვის სიმბოლურ ადგილად იქცა, რომელიც გამარჯვებასთან ასოცირდებოდა, ამიტომ ახალი სტადიონის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სტადიონის მდებარეობა სტრატეგიულია - ტერიტორიას ერთ მხარეს ქალაქის ცენტრალური პარკი აკრავს. იქვე მდებარეობს რუსთავის ისტორიული მუზეუმი და ამფითეატრი. მოედანი მარტივად მისადგომია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
ავტორი: ირაკლი კოშაძე