საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე რჩება. საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აქცენტი საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ზოგად მდგომარეობაზე კეთდება. მონაცემების მიხედვით, ქვეყანა ძლიერი ეკონომიკური ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში საუბარია ტურიზმიდან მიღებულ გაზრდილ შემოსავლებზე. პოზიტიურად არის შეფასებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განხორციელებულ რეფორმებს, რომლებმაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
ძლიერი კორპორატიული მმართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი - სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ამახვილებს. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 38%-ით გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ მაქსიმუმს - 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მიმოხილვაში შეფასებულია საბანკო სექტორის მუშაობაც.
სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა და დაბალი გადასახადები - პრემიერ-მინისტრი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მაღალ პოზიციებს განაპირობებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ევროპაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეინარჩუნა.
S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3.5% იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება.