პრემიერ-მინისტრმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განუმარტა, რომ სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეების მიუხედავად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება შეძლო.
თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსხვილი დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ინვესტორები შეიკრიბნენ. ფორუმის მონაწილეებმა თქვეს, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყველაზე დინამიკურად მზარდი სფეროა, რაც ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
საერთაშორისო ფორუმის მიზანი, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისა და საბროკერო კომპანიების საქართველოს წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან დაკავშირება იყო.
ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, კორუფციის სიმცირე - მთავრობის მეთაურის განმარტებით, მსგავსი ფაქტორები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის დამატებით სტიმულს ქმნის.
როგორც პრემიერი ამბობს, საქართველოსადმი ნდობა მაღალია, რასაც Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციაც ადასტურებს, რომლის საერთო მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ქვეყნის დაკავშირებადობის გაფართოება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კი, შეუფერხებლად გაგრძელდება.