10 აგვისტო 2026,   12:52
ვრცლად
არღვევს თუ არა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შრომით წესდებას - მმართველი გუნდისთვის პარტია "თავისუფლების მოედნის" ორგანიზებულ დისკუსიაზე ნინო დობორჯგინიძის მონაწილეობა მიუღებელია

"ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მონაწილეობა პოლიტიკური პარტიის ღონისძიებაში. საუბარია "თავისუფლების მოედნის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელსაც ნინო დობორჯგინიძე სპიკერის სტატუსით დაესწრება. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც ამ თანამდებობაზე უკვე მეორედ და ოთხი წლის ვადით აირჩიეს, მენეჯერის სტანდარტებსა და შრომით წესდებას არღვევს.

დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია თავად პარტია "თავისუფლების მოედანმა" გაავრცელა. ანონსში ნათქვამია, რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორს სახელმწიფოს როლზე, ხელისუფლებისა და მოქალაქეების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და მსოფლიოში საქართველოს ადგილზე სასაუბროდ იწვევენ. წერენ იმასაც, რომ საერთო ხედვა უნდა ჩამოაყალიბონ. თუმცა მედიასთან განმარტებას პარტიის წარმომადგენლებმა დღეს თავი აარიდეს. ღონისძიების შესახებ მხოლოდ სპიკერის სტატუსით მიწვეულმა რექტორმა ისაუბრა.

ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პოლიტიკური პარტიის ღონისძიებაში მონაწილეობით არც უნივერსიტეტს და არც საგანმანათლებლო პროცესს აზიანებს.

სახელისუფლებო გუნდისთვის ეთიკურ ნორმებს სცდება უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მხრიდან რადიკალიზმის წახალისება და მისი გავლენის ბერკეტების გამოყენება სტუდენტებზე. ამის მაგალითად მმართველ პარტიაში დღეს ნინო დობორჯგინიძის განცხადებები და სოციალური ქსელით ძალადობრივი აქციების წახალისების კონკრეტული შემთხვევები გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ რექტორის მსგავსი აქტივობები უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს ეწინააღმდეგება.

სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

ილიას უნივერსიტეტის რექტორი პარტია "თავისუფლების მოედნის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას 8 თებერვალს მიიღებს.

დღის ამბები