ევროკომისიის ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსი - აშშ ბრიუსელს მედიაპლატფორმებზე ზეწოლაში ამხელს. წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული 159 გვერდიანი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ევროკომისია პოლიტიკური კონტენტის კონტროლის მიზნით, ათწლეულების განმავლობაში ბლოკავდა მგრძნობიარე თემებს, ცენზურა შეეხო გლობალურ დებატებს "კოვიდ 19-ის", მიგრაციისა და ტრანსგენდერების საკითხებზეც.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია სოციალურ პლატფორმებზე ზეწოლას 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კონტენტზეც ახდენდა. კონგრესმა გაავრცელა რუკაც, სადაც ის ქვეყნებია ასახული, რომელთა ეროვნულ არჩევნებში ევროკომისია ჩაერია.
დოკუმენტის ავტორებმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ "ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევის შესახებ იმ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ ქვეყანაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა".
შტატებში მომზადებული ანგარიშით, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რაზეც "ქართული ოცნება" უკვე წლებია საუბრობს.
შტატების კონგრესის ანგარიშმა სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოზიციები დაახლოვა - საქართველოს არჩევნებში ბრიუსელის ჩარევა ვერ დაინახეს, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტების შეფასება კი არ სურთ.
ის, რაზეც ამერიკის კონგრესმა ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, დიდი ხანია საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მედიასთან ბრიუსელის მხრიდან საქართველოს არჩევნებში ჩარევის არაერთი ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ამერიკის კონგრესის ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ არჩევნებში ჩარევის მიზნით, ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა.