სამართლებრივ ნორმაზე, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყოს, პარლამენტი იმუშავებს. სახელისუფლებო პარტია "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ კონკრეტული ძალები მიზანმიმართულად საუბრობენ სახელმწიფო ორგანოების არალეგიტიმურობაზე. გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ წესრიგს შორის კი, ზღვარი სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
პასუხისმგებლობას სხვა სამართლებრივ ნორმებთან ერთად კანონმდებლები განსაზღვრავენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო სტრუქტურების არალეგიტიმურობისკენ მოწოდება პროცესების რადიკალიზაციას და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმს წარმოადგენს, რაც 4 ოქტომბრის მოვლენებმაც დაადასტურა. შალვა პაპუაშვილი მსგავსი ნაბიჯების მიღმა ხელისუფლების დამხობის ინტერესს ხედავს და ამ კონტექსტში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობასა და გერმანიაში ექსტრემისტული მოძრაობა "რაიხსბურგერების" აკრძალვას იხსენებს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. გახარიას პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოწოდებებით არ გამოდიან.
მმართველი გუნდის განცხადებით, უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების გარდა მძიმე რისკებს ქმნის.
პარალელური რეალობის შექმნამ, რადიკალიზაციამ და კონსტიტუციური ორგანოების არცნობამ გერმანიას სამართლებრივი ნაბიჯები უკვე გადაადგმევინა. 2025 წელს ოფიციალურმა ბერლინმა ექსტრემისტული მოძრაობა "რაიხსბურგერები" აკრძალა. მათი ლიდერი თავს მეფეს უწოდებდა, ბოიკოტს უცხადებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, არ აღიარებდნენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიდნენ პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს და აცხადებდნენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. გერმანიის პროკურატურამ მოძრაობის ოთხი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი დააკავა.