შესაძლებლობა კავშირების გაღრმავებისთვის, პრემიერის სიტყვით გამოსვლა, მრგვალი მაგიდა და პირისპირ შეხვედრები დუბაიში - რას სთავაზობს ბიზნესს და გლობალურ პოლიტიკას თბილისი?
დუბაის მთავრობათა სამიტზე გამართული შეხვედრები ქართულმა დელეგაციამ ნაყოფიერად გამოიყენა. როგორც პანელურ, ისე პირისპირ დისკუსიებისას სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, მხარეებს საქართველოში არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
საქართველოში ტურიზმის ზრდის პოზიტიური დინამიკა და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები განიხილა პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას. ითქვა, რომ 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა, რაც ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმია. ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სექტორის განვითარების სამომავლო პოტენციალზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ სერბ კოლეგასთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი პირდაპირ ავიამიმოსვლასთან ერთად ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ხალხთაშორის კავშირების გაძლიერებას.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტსაც შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე თქვა, რომ სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა აქამდე არსებულ სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა. ამიტომ, სიტუაციაში, სადაც ტრადიციული მარშრუტები სანდო აღარ არის, ალტერნატიული დერეფნების მოძიება ხდება აუცილებელი. ირაკლი კობახიძემ მთავრობებს და ბიზნეს-ლიდერებს თანამშრომლობა შესთავაზა.
ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს. პაატა სალიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა საჯარო სერვისების განვითარება, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში ინტეგრირება და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების შექმნა.
150 ქვეყანა და დაახლოებით 6000 მონაწილე - დუბაი მეორე დღეა მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან ქართული დელეგაციის წევრები.
ავტორი: ნანა გოგატაძე