18 ივნისი 2026,   21:08
ვრცლად
ნაცისტური გერმანიის ლიდერების ანგარიშები Credit Suisse-ში - ბანკთან მათი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებული დოკუმენტაცია განხილვის თემად იქცა

მესამე რაიხი, მეორე მსოფლიო ომის შემოქმედი და ჰოლოკოსტის ავტორი - რეჟიმი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მშვიდობიანი მოქალაქეები საკონცენტრაციო ბანაკებში აწამა. მართალია, ადოლფ ჰიტლერის სისასტიკე 1945 წელს გერმანიის მარცხითა და ფიურერის თვითმკვლელობით დასრულდა, თუმცა, ნაცისტური გერმანიის სხვა ლიდერების სახელები და გვარები წლების განმავლობაში შვეიცარიაში, შენობის საცავებში მაინც "ცოცხლობდა".

"კრედიტ სუისი", რომელიც მსოფლიოში არაერთი გახმაურებული სკანდალის ეპიცენტრშია და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური შანტაჟის იარაღადაც კი გამოიყენება, როგორც ირკვევა, წლების განმავლობაში არც ფაშისტების მფარველობას ერიდებოდა. ფინანსურ ინსტიტუტში აღმოჩენილია ნაცისტური გერმანიის იმ ლიდერების თანხები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არგენტინაში გაიქცნენ. 900-მდე ანგარიშის ნაწილი 2020 წელსაც კი აქტიური იყო. აშშ-ის სენატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კვალის დასაფარად შვეიცარიულმა ფინანსურმა ორგანიზაციამ მოულოდნელად ის დამოუკიდებელი ომბუდსმენიც კი გაათავისუფლა, რომელიც საქმეს იძიებდა.

ფინანსური ინსტიტუტის გარშემო დატრიალებული მორიგი სკანდალი არ უკვირთ თბილისში. მმართველ გუნდში საკითხის შეფასებისას კონკრეტულ ფაქტს იხსენებენ, როდესაც "კრედიტ სუისმა", პოლიტიკური შანტაჟის მიზნით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივები დააყადაღა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დროთა განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რეალურად რა მიზნებს ემსახურება მსგავსი გლობალური ორგანიზაციები.

ბანკისა და ნაცისტური გერმანიის ლიდერების თანამშრომლობის შესახებ გავრცელებული დოკუმენტაცია ყველა წამყვანი საერთაშორისო თუ ლოკალური მედიისთვის მთავარ განხილვის თემად გუშინვე იქცა.

ამის მიუხედავად, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხს არ იცნობენ. ნაცისტურ რეჟიმთან აფილირებაზე კი იმედს გამოთქვამენ, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილი პირები ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, საკითხი შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, "კრედიტ სუისს" წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ. საბოლოოდ კი, მძიმე დავალებების შესრულებამ ფინანსურ ინსტიტუტს რეპუტაცია შეულახა, რამაც მისი აქციების ვარდნა გამოიწვია.

უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ საკითხზე მოსმენები შეერთებული შტატების სენატში უკვე მიმდინარეობს. მსოფლიოსთვის კი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ერთ დროს მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, დღეს მხოლოდ გლობალური ძალების ხელში დარჩენილი პოლიტიკური შანტაჟის იარაღია.

დღის ამბები