საქართველოში ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობის პერიოდში როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობენ. დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მერიის "დაავადებათა სკრინინგის" პროგრამა ფართოვდება და უახლოეს პერიოდში მოქალაქეებს ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულად დაუფინანსდებათ.
დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, ეფექტური მართვა, მოსახლეობის ინფორმირება და პრევენციული სერვისების მრავალფეროვნება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით უფასოა ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც სიმსივნის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.
სპეციალისტები, დაავადების დროული გამოვლენის მიზნით, ქვეყნის ყველა რეგიონში სკრინინგ ცენტრის აუცილებლობაზე და ხელმისაწვდომობაზე საუბრობენ.
შეხვედრაზედ აღინიშნა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის ჩართულობით გაიზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა და დაფინანსება. ასევე სახელმწიფო მუშაობას განაგრძობს, რათა პროგრამები პაციენტებზე კიდევ უფრო მორგებული გახდეს. ამ მიზნით ონკოლოგიურ პრეპარატებზე მოიხსნა 25 000 ლარიანი ლიმიტი.
სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკას, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას.
სიმსივნური დაავადებები მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები და გამარჯვებული ადამიანების ისტორიები საზოგადოებას იმედს აძლევს, რომ კიბო განაჩენი არ არის და მისი დამარცხება შესაძლებელია.
ავტორი: ირაკლი კოშაძე