"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების შემდეგ, "რუსთავი 2" მორიგ აქტუალურ თემაზე დებატებს აორგანიზებს. პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობით, მომავალ ორშაბათს, საჯარო დისკუსია ფასების კორექტირებას დაეთმობა. მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ოპონენტების და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების კითხვებს უპასუხებს.
"რუსთავი 2-ის" პოლიტიკური დებატების სივრცე ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე პირისთვის ღიაა. პარტია, რომელიც ირაკლი კობახიძესთან დისკუსიაში წინაპირობების გარეშე მონაწილეობას გეგმავს "გირჩია." პრემიერ-მინისტრთან ერთად, საჯარო დებატების შეთავაზებამ ოპოზიციის ნაწილში კვლავ დაბნეულობა გამოიწვია. გიორგი გახარიას გუნდში გადაცემაში მონაწილეობაზე დღეს თანხმობა ისევ ვერ განაცხადეს და თქვეს, რომ გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურსათი, მედიკამენტები და საწვავის ფასების კორექტირებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია რამდენიმე კვირაა მუშაობს. პროცესში შეხვედრები შედგა თითოეული დარგის წარმომადგენელთან. შეხვედრებში მონაწილეები ამბობენ, რომ პრობლემის გადაჭრის გზები რეალურია და საკითხის სიღრმისეული ცოდნაა გარანტი, რომ როგორც ბიზნესის, ასევე, მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურად დაცული იყოს.
სამთავრობო გუნდთან ერთად ფასების კორექტირების საკითხის შესწავლას პარლამენტიც იწყებს. კანონმდებლების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვაზე საზოგადოებას პასუხები პირველი პირებისგან ჰქონდეთ.
ყოველ ორშაბათს საღამოს 22:00 საათზე, "რუსთავი 2" ეთერს კლასიკურ პოლიტიკურ დებატებს უთმობს. მომავალ კვირას დებატებში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.