05 აგვისტო 2026,   04:32
ვრცლად
სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - ქართულ ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხს, სამთავრობო გუნდის პარალელურად, საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის

სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - ქართულ ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხს, სამთავრობო გუნდის პარალელურად, საპარლამენტო კომისიაც შეისწავლის. სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კი კომისიის შექმნას კანონმდებლები კენჭს უყრიან. მანდატის ფარგლებში, საპარლამენტო შემადგენლობა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და სწორედ ბიზნესთან ერთად იმსჯელებენ დეპუტატები, რა ფორმით და როდის უნდა მოხდეს ფასების შემცირება შიდა ბაზარზე.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში 14 დეპუტატი იმუშავებს. შვიდი მანდატი ოპოზიციას ექნება, შვიდი კი - "ქართულ ოცნებას". სამუშაო პროცესში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

ფასების დარეგულირების მიზნით, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას არ გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა, რომელიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას უკავშირდება, დროული და მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ვიდრე კანონმდებლები პროცედურულ საკითხებს გადიან, პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები მსხვილი მარკეტების ქსელებთან, დისტრიბუტორებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან. საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც შედის. უწყება შესაძლო კარტელურ გარიგებებს იკვლევს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.

დღის ამბები