13 აგვისტო 2026,   16:05
ვრცლად
რას მოიაზრებს უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი - მმართველ გუნდში ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაზე საუბრობენ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზნებზე საუბრობს. მკაცრდება 7 კანონი, მათ შორის, გრანტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

ცვლილებების მიხედვით, გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. გრანტის მისაღებად, მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება.

დაისჯება თუ არა სისხლის სამართლის წესით საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ემიგრანტის მიერ გამოგზავნილ თანხას პოლიტიკური აქტივობისთვის გამოიყენებს - შვიდ კანონში დაგეგმილი ცვლილებების წარდგენის შემდეგ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ეს კითხვა გახარიას გუნდიდან დაუსვეს.

დეტალური განმარტებების მიუხედავად, არასაპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ შეზღუდვები შეეხება ყველას, ვინც საკუთარ აზრს საჯაროდ გამოხატავს.

ოპოზიციის განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებაა საქართველოში ე.წ. "შავი ხვრელების" დახმარებით შემოსულ უცხოურ ფულთან დაკავშირებით. მათი თქმით, ამას ემსახურება გარე ლობიზმის დასჯა სისხლის სამართლის წესით და პოლიტიკური პარტიაში გაწევრიანების რვაწლიანი შეზღუდვაც იმ პირებისთვის, რომლებიც უცხოური ძალის მიერ დაფინანსებულ კომპანიებში მუშაობენ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით და ერთი შესწორებით დაამტკიცა. თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში აქამდე მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ჯარიმდებოდა, ცვლილების მიხედვით, კანონის მეორედ დარღვევის შემთხვევაში მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

დღის ამბები