12 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
რა როლი აქვს დონალდ ტრამპს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის მიღმა? - ზაზა შათირიშვილის მორიგი ვრცელი წერილი მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე

რა როლი აქვს დონალდ ტრამპს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის მიღმა? - ზაზა შათირიშვილი მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის ქმედებების შეფასებით იწყებს. მშვიდობის მტრედი თუ ომის გამჩაღებელი - ფილოსოფოსი საკითხს ასე ხისტად სვამს და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი ომის ინიციატორ ლიდერად უფრო იკვეთება, ვიდრე ფიგურად, რომელიც კონფლიქტებს აგვარებს - მიუხედავად იმისა, რომ თავად საპირისპიროს ამტკიცებს. რატომ ვერ შესრულდა 24 საათში უკრაინაში ომის დასრულების დაპირება? - შათირიშვილი ამას ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებით ხსნის. ფილოსოფოსი წერს, რომ გლობალური ძალების ამოცანა ახლა ახალი ომის დაწყებას უკავშირდება, რომელშიც ევროპა სრულად ჩაერთვება და რომლისგანაც ამერიკა სრულად დისტანცირდება - ფორმალური პასუხისმგებლობების ჩათვლით.

"ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კარგად იციან რეალობა" - წერს ანალიტიკური წერილის ბოლოს ფილოსოფოსი, რომელიც "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მოუწოდებს საზოგადოების ინფორმირებისკენ, ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვისა და ყველა შესაძლო საფრთხის შესახებ.

ვითარების აღწერაში ეთანხმებიან, თუმცა პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ფილოსოფოსის ანალიტიკა ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკისგან განსხვავდება - იმის მიუხედავად, რომ წერილში ნახსენები მოვლენები ფაქტებით დასტურდება.

რაღაც საკითხები ხელისუფლების ოპონენტებისთვისაც ნათელია, მაგალითად ის, რომ მიმდინარე პროცესებში ევროპა პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოპოზიციაში ამას ტრამპის ხისტ როლს უკავშირებენ და მისი სამშვიდობო პოლიტიკა მოსწონთ.

დადგება თუ არა საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოება, არამედ თავად ევროპა? - ამაზე პოლიტიკოსები ჯერ არ საუბრობენ, მათ შორის არც "ხალხის ძალა", რომელიც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე პირველი საუბრობდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები არაერთ კითხვას აჩენს. პირველ რიგში კი, სწორედ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კონტექსტში.

როგორ განვითარდება მოვლენები? - ზაზა შათირიშვილი წინა ანალიტიკურ წერილში წერდა, რომ "დიფ სთეითის" რებრენდინგის გადამწყვეტი ფაზა ევროპის, როგორც ანგარიშგასაწევი აქტორის დასრულებისკენაა მიმართული, რაც შტატებთან მისი პარტნიორობის ჩამოშლას უკავშირდება.

დღის ამბები