12 აგვისტო 2026,   02:02
ვრცლად
გიორგი გახარიას გუნდის შეცვლილი პოზიცია და უარი დებატებზე - დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატები იწყება და პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის ფორმატი ბრუნდება

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმატი იქნება. ვინც იქნება, იქნება... არ დავიწყებთ მოთხოვნების დაყენებას" - ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა პოზიცია შეცვალეს, სატელევიზიო დებატებისთვის შეთავაზებული ფორმატიც დაიწუნეს და წინაპირობებიც დააყენეს. "რუსთავი 2-ის" გუნდი საპარლამენტო ოპოზიციის ამ ნაწილთან 2-დღიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტელედებატების ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი, გახარიას პარტიამ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მმართველი პარტიისთვის, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე უარი პოლიტიკური დისკუსიიდან გაქცევაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ის, ვინც საკუთარ არგუმენტებსა და პოზიციებში დარწმუნებულია, ოპონირებას არ გაურბის.

გახარიას გუნდის შეცვლილმა პოზიციამ კითხვები ოპოზიციაშიც გააჩინა. იაგო ხვიჩიას, რომელიც, გიორგი შარაშიძის მსგავსად, დებატებშია მიწვეული, აქვს განცდა, რომ გახარიას თანამოაზრეები მათი გადაწყვეტილებებით, აქტიურ პოლიტიკურ რეჟიმში ყოფნის ნაცვლად, პოლიტიკიდან დისტანცირებას ცდილობენ.

პოლიტიკურ ოპონენტებთან პოლემიკაზე უარის რამდენიმე მიზეზს განმარტავენ საპარლამენტო უმრავლესობასა და პოლიტიკურ ჯგუფებში. "ქართულ ოცნებაში" არ გაკვირვებიათ, თუ გახარიას გუნდი პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიების დღის წესრიგზე მორგებას ცდილობს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ნაწილი კი, მათ კლასიკური პოლიტიკური დებატების პრინციპის გააზრებისკენ მოუწოდებს.

სატელევიზიო ეთერში დებატების გამართვის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრი 22 იანვარს გამოვიდა. მალევე, ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" მზადყოფნა გამოთქვა ეთერი საჯარო დისკუსიისთვის დაეთმო. ჩამოყალიბდა ფორმატი და დღეიდან, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, მაყურებელს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მოსმენა პირდაპირ ეთერში შეეძლება.

დღის ამბები