18 ივნისი 2019,   16:35
ვრცლად
ყოველი მეორე სკოლის მოსწავლე აზარტულ თამაშებს ონლაინ კაზინოში თამაშობს - კვლევების შედეგები 

ყოველი მეორე სკოლის მოსწავლეს თბილისში, აზარტული თამაშები ინტერნეტ კაზინოში უთამაშია. ასეთია კვლევების შედეგები, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. ”კურიერის” ექსპერიმენტით, 14 წლის ნუცა მაისურაძე ონლაინ კაზინოს მომხმარებელი ზუსტად 5 წუთში გახდა.  

15-დან 18 წლამდე მოსწავლეების 59% ამბობს, რომ საიტების მეშვეობით აზარტულ თამაშებში არიან ჩაბმული. 

საჯარო სკოლებში 500-მდე მოსწავლე ”აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა” გამოკითხა. მოზარდები ძირითადად სლოტ თამაშებს ირჩევენ, რომელიც ექსპერტთა აზრით, ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას. 

კვლევის მიხედვით, მოზარდები ონლაინ კაზინოების შესახებ სკოლასთან ახლოს და სოციალურ ქსელში განთავსებული სარეკლამო ბანერებიდან იგებენ. საჯარო სკოლებიდან 200 მეტრის მოშორებით სარეკლამო ბანერების აკრძალვის ინიციატივით, არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა, სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, რადგან აზარტული თამაშების ბიზნესის ლობისტები თავად უმრავლესობის დეპუტატები არიან.

სამოქალაქო სექტორში სათამაშო ბიზნესის მთავარ ლობისტად ”ქართული ოცნების” დეპუტატს, ისკო დასენს ასახელებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მმართველი გუნდის წევრის შვილი, კნიაზ დასენი, რამდენიმე კაზინოს, მათ შორის ”კრისტალბეთის 22%-იან წილს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფლობს. კნიაზ დასენი ასევე ”აზარტული თამაშების ასოციაციის” დირექტორია.

 

დღის ამბები