



სახელმწიფო გადატრიალების და დესტაბილიზაციის მოწყობის ბრალდებით სუს-ის გამოძიება გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება ორგანიზაცია “კანვას საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო გოგიბერიძე. გოგიბერიძე იმ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელიც საქმის მასალებში დევს და რომელიც გუშინ სუსმა გაასაჯაროვა. ის "კანვასის" სხვა ლიდერებთან ერთად, ტრენინგს უტარებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და იმ მიზნებს თვლის, რასაც მათ აქციების დროს უნდა მიაღწიონ, მათ შორის არის იძულება და ჩამოშლა.
ნინო გოგიბერიძემ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი თქვა და ის ჩვენებას სამართალდამცველებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, საქალაქო სასამართლოში აძლევს.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ სუს-ის განცხადების არ სჯერათ.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიება, რეალურად, ჰიბრიდული ომია.
"მე რაც ვნახე მომაწოდა სამსახურმა, რომელიც ჩემთვის სრულად არის დისკრედიტირებული და რომელმაც არაერთხელ მოატყუა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. მოატყუა, როდესაც გიორგი გახარიას მიერ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობდა, ამიტომ შეფასებას ვერ გავაკეთებ. თუ ვინმეს რაიმე რეალური და სახელმწიფოებრივი განზრახვა აქვს, იმოქმედოს და პასუხისმგებლობაში მისცეს შესაბამისი ადამიანები, თუ არა, მაშინ ჰიბრიდული ომის წარმოების ინსტრუმენტია ეს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილი.