



"ერთიან ნაციონალურ მოძრობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გუნდის დატოვებაზე უკვე ღიად საუბრობს.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მელიას წასვლა ელექტორატის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს.
"ნიკა მელიას მხარდამჭერი ქოცია არ გახდება, შესაბამისად ოპოზიციას არანაირად არ უშლის ხელს. ადამიანისთვის, სადაც კომფორტულია იქიდან უნდა იბრძოლოს საქართველოსთვის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის"წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პარტიები შეთანხმებული პოლიტიკური თამაშის მიღმა თუ რამეს გააკეთებენ პოლიტიკური ცხოვრებისთვის კარგი იქნება.
"ის არის კარგი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გუშინდელი დღიდან დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ სიმართლის თქმა უნდა დაიწყონ, აქედან გამომდინარე ნიკანორ მელია იქნება თუ სხვა პარტიის სხვა წევრები იქნებიან, რომლებიც ამ შეთანხმებული პოლიტიკური თამაში მიღმა რამეს გააკეთებენ, კარგი იქნება საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებისთვის",- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, მელიას ახალ ბლოკს, თუნდაც სახეცვლილი მოცემულობით, 2024 წლის არჩევნებზე შანსი არ აქვს.
"ვერც რაიმე ახალ პლატფორმას ნიკა მელიას თაოსნებით და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიასთან ერთად თუ მის გარეშე, ვერანაირი შანსი ვერ ექნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არიან ადამიანები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, ქვეყნის ზურგზე, არაფერი არ ადარდებთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საბოლოოდ ჩამოიხსნეს ნიღაბი. ის რაც ვერ შეძლეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, შელეს ერთმანეთის მიმართ დაპირისპირების წარმოჩენით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.