05 დეკემბერი 2023,   07:17
ვრცლად
ფორმულა, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს პირდაპირ მიმართულია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - ვოლსკი

მთავრობის უარის და პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს განაგრძობს. პრეზიდენტი დღეს ვილნიუსში მის ლიეტუველ კოლეგას შეხვდება. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ლატვიასა და ესტონეთში - შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს. 

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დემონსტრაციულად განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას.

“კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი იყო, მაგრამ არის კიდევ მეორე. ფორმულა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, არის მიუღებელი და გაუგებარი და პირდაპირ მიმართულია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ესეთ ფორმულას - რომ საზოგადოებას ეკუთვნის, ხოლო მისი უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას არაფერი ეკუთვნის, ეს არის მიუღებელი და გაუგონარი ფორმულა.  

იმპიჩმენტი თხოულობს გარკვეული დეპუტატების მხარდაჭერას და არ ველით, რომ ეს მოხდება, მაგრამ არ იქნებოდა მართალი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა აშკარა დარღვევაზე. ლუსტრაცია უნდა დავარქვათ ამ პროცესს. ქვეყნის დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის შეუთანხმებლობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

“პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ვფიქრობ, ის უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის უმთავრესი გარანტი. ასეთი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია და ამიტომ იყო სამართლებრივი რეაქცია პარლამენტის მხრიდან. ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და მისი პასუხის მიხედვით იქნება შეფასებებიც და ქმედებებიც,” - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები