05 დეკემბერი 2023,   06:47
ვრცლად
მორიგ ჯერზე ვერ დაძლია რადიკალმა ოპოზიციამ ეგო, რომელსაც პოლიტიკური ქულების და შოუს მოწყობა ჰქვია - ალუდა ღუდუშაური

მორიგი ფარსი და პოლიტიკური სპეკულაცია - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტში შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრმა პარასკევს პარლამენტში მისვლის დროს გასცა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას ქულების დაწერის მცდელობა აქვს.  

"სამწუხარო რეალობაა, რომ მორიგ ჯერზე ვერ დაძლია რადიკალმა ოპოზიციამ ის პოლიტიკური მცდარი ეგო, რომელსაც პოლიტიკური ქულების და შოუს მოწყობა ჰქვია, ინტერპელაციის წესით ჰყავდათ პარლამენტში მოწვეული შინაგან საქმეთა მინისტრი. არც ერთი საფუძვლიანი კითხვა არ ყოფილა და პასუხები იყო ყველაფერზე ამომწურავად გაცემული," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ოპოზიციაში კი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ის თავიდანვე მხარს უჭერდა. 

"საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც შესაძლებელი იქნება, ნათელი მოეფინოს ბევრ პრობლემას, რომელზეც დღესაც არის საუბარი. მე მხარს ვუჭერდი თავიდანვე და ახლაც მხარს ვუჭერ ამ კომისიის შექმნას," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.  

შეგახსენებთ, საკითხთან დაკავშირებით გუშინ გიორგი გახარიას პარტიამ პოზიცია შეცვალა - პარტიაში "საქართველოსთვის" განაცხადეს, რომ ისინი კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. 

ავტორი: მაია გრიგოლია 

დღის ამბები