



ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის წარდგენაზე პრეზიდენტი უარს აცხადებს. გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი საბოტაჟად აფასებს, სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არ არსებობს კანდიდატების გაწვევის შესაძლებლობა.
ამ თემაზე კამათი იყო საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ. თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი კანდიდატურებს აღარ წარმოადგენს.
"პრეზიდენტმა ისევ, თავისი ურჩობით წარმოადგინა 2 კანდიდატი, რომელიც არ იყო კონსულტაციის შედეგად შერჩეული და თქვენ აპრიორი იცით, რომ პარლამენტის კომიტეტის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა და ამიტომ, რომ არ შერცხვეთ, ახლა უკან გაწვევის მექანიზმები აამუშავეთ და მცდელობაა, რომ საბოტაჟი შექმნათ საბანკო სისტემაში და არ გამოგივიდათ. მოხდა ლუსტრაცია, რომ პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციას არ სცემს პატივს, ასევე არ სცემს ამ წარმოდგენილ ვითარებაში ამ პროცედურებს პატივს. მან უნდა დაიცვას კონსტიტუცია და ქვეყნის ინტერესები და ემსახუროს ქართველ ხალხს და არა ვიღაც-ვიღაცებს, ვისაც ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა,"- მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.
"პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, ეს არის უმრავლესობა, მინდა გითხრათ, როდესაც ეროვნული ბანკის საქმიანობაში პირდაპირ თუ ირიბად ერევა. დანარჩენი კომიტეტმა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა აღნიშნულ კანდიდატებს,"- ასე უპასუხა ზარქუას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
"სანამ წახვალთ, მექანიზმი მითხარით, ახლა რომ მოხვედით აქ და უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენათ პრეზიდენტმა, გაწვევის მექანიზმი მითხარით, რომელი მუხლითა და რომელი პუნქტით წარმოადგინეთ. ეს არის დუმილი და წარმატებებს გისურვებთ თქვენ პირადად,"-უპასუხა მსხილაძის კომენტარს ზარქუამ.
სხდომაზე განხილვა მაინც გაიმართა, თუმცა კომიტეტებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარი აღარ დაუჭირეს.