29 სექტემბერი 2023,   21:32
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" თუ ვინმე დაეხმარა, ეს იყო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და არაფერს არ გამოვრიცხავ მომავალშიც - მიხეილ დაუშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე

პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე, არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცონ. მხარეთა პოზიციები უცვლელია - ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას და კონსულტაციებს არ თანხმდება - მიზეზი უნდობლობაა.

მმართველი გუნდი ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზანმიმართულ დაბლოკვაში ადანაშაულებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებისთვის, მათ ოპოზიციას კონკრეტული წინადადებები შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევისთვის, უმრავლესობას მხოლოდ საკუთარი ხმები არ ჰყოფნის - საჭიროა 90-ზე მეტი ხმა.

"ხელისუფლებას არ სურს არანაირი მოლაპარაკება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების ირგვლივ. ფაქტია, რომ ისინი არანაირ ბინძურ მეთოდს არ ერიდებიან იმისთვის, რომ მოახდინონ კლანის ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათ სურთ გარიგება, რომ მორიგ ჯერზე გაძლიერდეს კლანი და გარიგებებში, ჩვენ არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სამი კანდიდატის არჩევაში "ოცნებას" თუ ვინმე დაეხმარა, ეს იყო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა". მისი თქმით, ამ ფაქტიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დახმარების ხელი მომავალშიც გაუწოდოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართულ ოცნებას".

"ის ოთხი კანდიდატი ვინც დარჩა, მათთან დაკავშირებით კონსულტაციებს საერთოდ შინაარსი არ გააჩნია იმიტომ, რომ მათ არჩევაზე ჩვენი მხრიდან საუბარი უბრალოდ ვერ იქნება. ამიტომ, კონსულტაციების შინაარსი მე არ მესმოდა და არც ახლა მესმის. ფაქტია, რომ სამი კანდიდატის არჩევაში "ოცნებას" თუ ვინმე დაეხმარა, ეს იყო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და არაფერს არ გამოვრიცხავ.როგორც ჩანს, არაერთხელ მომხდარა ისე, რომ "ოცნებას" როდესაც გაუჭირდა, ყველაზე მეტად მაშველი რგოლი მისთვის "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა , - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები